ლიბიელი ამბოხებულების განცხადებით, ისინი უკვე დედაქალაქ ტრიპოლის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა, ქალაქში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. დარჩენილია წინააღმდეგობის კერები. ამბოხებულები აცხადებენ, რომ კადაფის რეზიდენციიდან გამოვიდნენ ტანკები, რომლებმაც მათი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. თავად მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ბრძოლები დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრიპოლის მწვანე მოედანზე შეკრებილი ამბოხებულები და მათი მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობდნენ. მანამდე, ამ მოედანზე ლიბიის ლიდერის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ. ოპოზიციამ მოედანს უკვე უწოდა მარტირის მოედანი. ამბოხებულთა განცხადებით, მათ მუამარ კადაფის ორი ვაჟი დააკავეს, მათ შორის სეიფ ალ ისლამი, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის ლუის მორტენო ოკამპოს განცხადებით, ის შეეცდება დაარწმუნოს ამბოხებულები, რათა სეიფ ალ-ისლამი ჰააგას ტრიბუნალს გადასცენ. ასევე ამბოხებულთა განცხადებით, მათ უკვე ჩაბარდა კადაფის უფროსი ვაჟი მოჰამედი. გუშინ ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია მთელი დღის განმავლობაში გადასცემდა მუამარ კადაფის რადიომიმართვებს. ლიბიის ლიდერი აცხადებდა, რომ ტრიპოლი მეორე ბაღდადად გადაიქცევა და ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.
საერთაშორისო რეაქცია
ლიბიელი ამბოხებულების ტრიპოლიში შესვლას უკვე მოყვა დასავლეთის ლიდერთა განცხადებები. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, ამბოხებულთა შესვლა ტრიპოლიში არაბული გაზაფხულის რევოლუციებს რეგიონში დემოკრატიის დამყარების დაწყებაში დაეხმარება. მისი თქმით, ბრიტანეთი ამაყობს, რომ ლიბიის რევოლუციაში თავის წვლილი შეიტანა. კამერონმა აღნიშა, რომ ლონდონი მალე მოხსნის ყადაღას ლიბიურ ანგარიშებზე ლიბიელი ხალხის დასახმარებლად. ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა:
„ცხადია რომ კადაფის რეჟიმი ინგრევა. ძალიან მალე კადაფი გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მოგება და უმჯობესია, რომ ლიბიელმა ხალხმა თავიდან აიცილოს სისხლისღვრის გაგრძელება.“
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ლიბიის ოპოზიციას უახლოეს დღეებში შეეძლება საფრანგეთში ჩასვლა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ლიბიელი ამბოხებულების გარდამავალი ეროვნული საბჭო ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ აღიარა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის მოუწოდა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას ძალაუფლებაზე. განცხადებები გააკეთა ევროკავშირმა და იტალიამაც. მათი თქმით, კადაფის მმართველობა დასრულდა და მათ მოუწოდეს ლიბიის ლიდერს დატოვოს თანამდებობა და ამით თავიდან აიცილოს სისხლისღვრის გაგრძელება.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მაიტე ნკოანა-მაშაბანიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ქვეყანა კადაფის და მის გარემოცვას ლიბიიდან გაქცევაში არ დახმარებია. მაშაბანის თქმით, მას სურს, რომ ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ ქვეყანაში შერიგების და აღმშენებლობის პროცესი დაიწყოს.
„რამდენადაც ლიბია ახალი ცხოვრების ისტორიას იწყებს, გარდამავალ მთავრობას ერის გამთლიანების და შერიგების პროცესში უდიდეს ი როლი აკისრია. ასევე მან უნდა აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი, ინფრასტუქტურა და აღორძინოს ეკონომიკა,“ - განაცხადა მაშაბანიმ.
გარდამავალი ეროვნული საბჭო
გასული თვეების განმავლობაში ბენღაზიში მოქმედი ეროვნული სბაჭო დასავლეთის ქვეყნებამ ერთიმეორის მიყოლებით აღიარეს ლიბიის ლიოდერის კადაფის მთავრობის ალტერნატივად და ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ. 15 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლიტონმა გარდამავლ საბჭოს „ლიბიის ლეგიტიმური მმართველი ხელისუფლება უწოდა“.
ერიოვნული საბჭოს აღიარებული ლიდერი მუსტაფა აბდულ ჯალილია. ის აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ალ-ბაიდაში მოსამართლედ მუშაობდა. თებერვალში, როდესცა კადაფსი მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო მან იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა. როგორც დღეს ჯალილმა განაცხადა: „კადაფის ერა დასრულდა.“
გარდამავლ ეროვნულ საბჭოში 31 წევრია, თუმცა ამბოხების პროცესში მხოლოდ 13-ის პიროვნება გახდა ცნობილი. დანარჩენების ვინაობა საფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, საიდუმლოა, თუმცა როგორც ცნობილია, მათი დიდი ნაწილი დასავლეთ ლიბიიდანაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე კადაფის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.