ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ უელანი სასჯელის ამერიკაში მოხდას ითხოვს


ამერიკის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც გასულ წელს რუსეთში მსჯავრი ჯაშუშობისთვის დასდეს, სასამართლოს ამერიკაში გადაყვანის თხოვნით მიმართავს, რათა სასჯელის დანარჩენი ნაწილი იქ მოიხადოს.

"უელანის ამერიკაში ტრანსფერის შესახებ მოთხოვნა მზადაა. ჩვენ მას მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ამ კვირის ბოლომდე შევიტანთ", - ამბობს ოლგა კარლოვა, 51 წლის ყოფილი საზღვაო ქვეითის ადვოკატი და დასძენს, რომ ორი ქვეყნის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, მოხერხდება თუ არა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. "თუკი ამერიკა-რუსეთს შორის შეთანხმება შედგება, მაშინ მოსამართლეც გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს. ჩვენ ეს მოთხოვნა წარმატების დიდი იმედით შეგვაქვს", - ამბობს ადვოკატი.


ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი უარყოფს ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს. ის 2018 წლის დეკემბერში დააკავეს და 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. უელანი ციხის თანამშრომლებს მისდამი ცუდად მოპყრობაში ადანაშაულებს. ამერიკა კი რუსეთის ხელისუფლებას უელანისადმი "სამარცხვინო მოპყრობისთვის" აკრიტიკებს. ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის წარმომადგენლები უელანთან სატელეფონო კონტაქტსაც ვერ ახერხებენ, რაც რუსული კანონმდებლობის დარღვევაა. პროკურატურაში საჩივარი ამის თაობაზეცაა წარდგენილი.

უელანი ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. ის ავტონაწილებით მომარაგების ამერიკული კომპანიის გლობალური უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი იყო, როდესაც დაააკავეს. ის და მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ რუსეთში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდნენ. უელანი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ამერიკელთა შორის, რომელთა ახლობლები, მხარდამჭერები და ზოგ შემთხვევაში ამერიკის მთავრობაც ამტკიცებს, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და მათ წინააღმდეგ საქმე "შეთითხნილია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG