ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მარტოდ დარჩენილი ვალია ვანიშვილი ავადმყოფობას ებრძვის. ვანიშვნილების ოჯახი ერთადერთია ამ სოფელში, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ უარი თქვა საკუთარი სახლი მიეტოვებინა და დევნილის ხვედრი გაეზიარებინა. ვალია ვანიშვნილის მეუღლე, დათა ვანიშვნილი გასულ წელს გარდაიცვალა. დათა პაპა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო თავისი სიმტკიცით. 84 წლის მოხუცი რუსმა მესაზღვრეებმა არაერთხელ დააპატიმრეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მასზე ფიზიკური ზეწოლაც განახორციელეს, თუმცა ის არ გატყდა. სიცოცხლის უკანასკნელი ათ წელზე მეტი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში მყოფმა გაატარა.
ჟურნალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ვინც ხურვალეთში მიდიოდა, ის დაუზარლად უდასტურებდა, რომ ოკუპირებული მიწა, რომელზეც მისი სახლი დღესაც დგას, საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს. დათა ვანიშვნილი, დათა პაპა 2021 წლის 22 მარტს ხურვალეთის მიწას მიაბარეს. მას შემდეგ, მავთულხლართით გაღობილ სახლში ერთადერთი მცხოვრები მისი ქვრივია, ვალია ვანიშვნილი.
ვალია ბებო დათა პაპას ანდერძს ასრულებს და უარს ამბობს ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდგარი სახლი მიატოვოს. მან 80 წელს გადააბიჯა. სიმარტოვეში ცხოვრებას დიდ გამოწვევად მიიჩნევს, თუმცა ამ მოცემულობას ვერ ცვლის.
მალხაზ ვანიშვნილი, დათა და ვალია ვანიშვნილების შვილიშვილი, ვინც ოკუპანტების მიერ არაერთხელ იქნა დაკავებული და ცხინვალის ციხეში გადაყვანილი, ამჟამად საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ვერაფრით ახერხებს მარტო მყოფი ბებიის დახმარებას, რომელიც ამჟამად ავადმყოფობას ებრძვის. ვალია ვანიშვნილი სახლში მარტო იმყოფება. მას გათბობისთვის შეშის ღუმელი აქვს, რომლის მილიც შესაკეთებელია. ამის გამო, ანთებული ღუმელი სახლში კვამლს აყენებს. მოხუცმა ან კვამლს უნდა გაუძლოს და ან სიცივეს. ფიზიკურად მისი დამხმარე ადგილობრივად არავინაა. საქართველოს კონტროლირებული მხარიდან მასთან მიახლოვება ნებისმიერი ადამიანისთვის იქცევა პრობლემად, ვინც ამას გაბედავს. უსაფრთოხების ზომებიდან გამომდინარე, ქართული პოლიცია არაოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ ნათესავებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გადაპარვის უფლებას არ აძლევს.
„მიშველეთ, დამეხმარეთ. პაპა დავკარგე და ახლა ბებოც რომ დავკარგო, არ მინდა,“- გვეუბნება მალხაზ ვანიშვნილი.
„ამერიკის ხმამ“ ვალია ბებოსთან დაკავშირება ჯერ ვერ შეძლო. მისი უახლოესი ადამიანები კი გვეუბნებიან, რომ მას სიცხე აქვს და ოსურმა სასწრაფომ განუცხადა, რომ შესაძლოა, ეს კორონა-ვირუსი იყოს.
მოხუცს რამდენიმე ხელიდან ხელში გადაწოდებული მედიკამენტები ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფრის მფლობელმა ლუდა სალიამ მიაწოდა. „ამერიკის ხმასთან“ ლუდა სალია ამბობს, რომ მას მოხუცი პირადად არ უნახავს ამჯერად, თუმცა მანამდე რამდენჯემე ესაუბრა და ისიც კი შესთავაზა, რომ მის თავშესაფარში გადასულიყო.
„ვუთხარი, რომ მოვუვლი, მივხედავ, ჩემთან თუ გადმოვა, მაგრამ სასტიკ უარს მეუბნება. ამბობს, რომ ფეხს არ მოიცვლის და თავის სახლს არ მიატოვებს“,- გვეუბნება ლუდა სალია.
ის, რომ სახლის მიტოვებას არ აპირებს, „ამერიკის ხმისთვის“ არაერთხელ დაუდასტურებია თავად ვალია ვანიშვნილს. ის ამბობს, რომ მისი მეუღლის ანდერძის მიხედვით, სახლი არ უნდა დატოვოს. „როგორც კი აქედან წავალ, რა გგონიათ, რა მოხდება? ეს რუსები ეგრევე ამ სახლს დაიკავებენ“, - გვეუბნებოდა ვალია ვანიშვნილი.
„მე რომ იქით გადავიპარო, რუსები ეგრევე დამიჭერენ და წამიყვანენ ცხინვალში,“- ამბობს ჩვენთან მალხაზ ვანიშვნილი, ვანიშვნილების შვილიშვილი. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მავთულხლართებს მიუხლოვდეს და ბებო ასე ნახოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელების თანხლებითაა. მალხაზ ვანიშვნილი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საბოლოოდ ორი წლის წინ გადმოვიდა, მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე მოხვდა ცხინვალის ციხეში და რუსები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მავთულხლართებს აქეთ-იქით გადაადგილების გამო განადგურებით დაემუქრნენ. მანამდე, მალხაზ ვანიშვნილი ბებიასთან და პაპასთან პოლიციისგან და რუსი მესაზღვრეებისგან მალულად იპარებოდა. მესამე ტყვეობისა და ფიზიკური ზეწოლის შემდეგ, ის ვეღარ ბედავს იმ სახლში მივიდეს, სადაც გაიზარდა.
ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც ვალია ვანიშვნილი პირადად ნახა და საკვები მიაწოდა დავით ქაცარავაა, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი. მოძრაობის წევრები მუდმივად ზრუნავენ მოხუცზე და მისთვის საკვები, მედიკამენტები და შეშა მიაქვთ. ამგვარი დახმარების უზრუნველყოფას ისინი გააგრძელებენ მომავალშიც, მაგრამ მოხუცისთვის უკვე ისიც კი რთულია, რომ გადაწოდებული საკვები თუ შეშა სახლამდე მიიტანოს.
ხურვალეთში მუდმივი პრობლემაა სასმელი წყალიც. საჭიროა მისი მომარაგება და რამდენიმე დღის განმავლობაში გამოზოგვა. ამას ემატება ისიც, რომ რუს მესაზღვრეებს საგუშაგო პუნქტი პირდაპირ ვალია ვანიშვნილის ეზოს მიმდებარედ აქვთ მოწყობილი. მოხუცი მუდმივად რუსული თვალთვალის ქვეშაა.
წინ რთული და გრძელი ზამთარია. ოკუპანტებთან მებრძოლი მარტოხელა მოხუცი ახლა უკვე ავადმყოფობასაც ებძვის. არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მისი გულშემატკივრები კი იმ გზების ძიებაში არიან, როგორ შეიძლება ვალია ვანიშვნილი ამ სირთულეებს გადაურჩეს და დარჩეს ცოცხალი.