ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეკორდული სიცხე 2025 წელსაც გაგრძელდება, რაც კლიმატის ცვლილებებს ააჩქარებს - გაერო


ქალაქ ფენიქსის კონტურები არიზონის შტატში, აშშ. 2024 წლის მონაცემებით, 1.6 მილიონი მოსახლეობის მქონე ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული პრობლემებით ერთ წელში 645 ადამიანი გარდაიცვალა.
ქალაქ ფენიქსის კონტურები არიზონის შტატში, აშშ. 2024 წლის მონაცემებით, 1.6 მილიონი მოსახლეობის მქონე ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული პრობლემებით ერთ წელში 645 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშით, წინა წლების მსგავსად, 2024 წელიც რეკორდულად ცხელი იყო. ამ წელმა დაასრულა ადამიანის საქმიანობით გამოწვეული უპრეცედენტოდ თბილი ათწლეული.

გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სათბური გაზების გამოყოფის დონე წელსაც რეკორდულად მზარდი იყო. ეს კი სამომავლოდ ტემპერატურის კიდევ უფრო მეტად გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

„დღეს შემიძლია ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ჩვენ სულ ახლახან დავასრულეთ მომაკვდინებლად ცხელი ათწლეული. ტემპერატურის აღრიცხვის დაწყებიდან, ყველაზე ცხელი ათი წელი ბოლო დეკადაში აღირიცხა, 2024 წლის ჩათვლით“, - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თავის საახალწლო გზავნილში.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ რეკორდული სიცხე გაგრძელდება 2025 წელსაც, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კლიმატის ცვლილებებს და გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს, თუ არ იქნა მიღებული გადაუდებელი ზომები „ადამიანთა იმ საქმიანობის“ შესაკავებლად, რაც კაცობრიობისთვის ამ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების უკან დგას.

გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია სახელმწიფოებს მეტი საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება ექსტრემალური სიცხით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკებზე.

"გლობალურად ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ექსტრემალური სიცხის ინციდენტები უფრო ხშირი და უფრო მწვავე გახდება", - აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია".

დედამიწაზე 2024 წელს დაფიქსირებული ტემპერატურის თაობაზე საბოლოო მონაცემები 2025 წლის იანვარში შეჯამდება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია სრულ, სიღრმისეულ ანგარიშს ტრადიციულად, მომავალი წლის მარტში წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG