მინიმუმ, 550 ადამიანი გარდაიცვალა მექაში, ჰაჯის რიტუალის დროს. მომლოცველებმა ექსტრემალურ სიცხეს ვერ გაუძლეს. მექაში 50 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ჰაჯის დღესასწაულთან დაკავშირებით, მექაში თითქმის 2 მილიონი ადამიანია ჩასული.
ბოლო 30 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში ჰაჯის დროს ჭექა-ქუხილის, კარვების ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევების გამო ასობით ადამიანი დაიღუპა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ტემპერატურა ორშაბათს, მექაში, დიდი მეჩეთის ჩრდილში 51,8 გრადუს ცელსიუსს აღწევდა.
"გეოფიზიკური კვლევის წერილების" მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთში კლიმატის ცვლილების გამო, ტემპერატურის მატებასთან ერთად, პილიგრიმები, რომლებიც ჰაჯს ასრულებენ, "უკიდურესი საფრთხის წინაშე" აღმოჩნდებოდნენ.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი სიცხისგან გარდაიცვალნენ. არიან დაკარგულებიც და მათ ნაწილს ოჯახის წევრები და ახლობლები საუდის არაბეთის საავადმყოფოებში ეძებენ.
ჰაჯი ხალხმრავალი ყოველწლიური თავყრილობაა.მომლოცველები "იჰრამად" წოდებულ სადა, თეთრ სამოსს იცვამენ და ამით სიმბოლურად განსხვავებული სოციალური წარმომავლობის თუ სხვადასხვა კულტურის ნიშნებს შლიან.
ჰაჯის ერთ-ერთ პირველ და, ამავე დროს, უკანასკნელ რიტუალს "ტავაფი", ანუ "მოტრიალება", ეწოდება. ამ რიტუალის დროს მილიონობით მლოცველი მექის დიდი მეჩეთის ცენტრში მდებარე შენობას საათის საწინააღმდეგო მიმართულებით შვიდჯერ არტყამს წრეს. იმისათვის, რომ ჰაჯის რიტუალები დასრულებულად ჩაითვალოს, მეხუთე დღეს ყველა მონაწილემ "ტავაფი" ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.