ყაზახეთის ხელისუფლებამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავის ჩანაწერები - ე.წ "შავი ყუთი" ბრაზილიაში გააგზავნეს. პარალელურად კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ტრაგედიის მიზეზის „დაფარვას“.
25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან ჩეჩნეთის ქალაქ გროზნოში მიფრინავდა. თუმცა, თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.
სულ უფრო მეტი მტკიცებულება ვრცელდება იმის შესახებ, რომ თვითმფრინავს ჩეჩნეთში რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა, სანამ ის დასავლეთ ყაზახეთში, ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდებოდა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელმა კომისიამ „ფრენის ჩანაწერები ბრაზილიაში, საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრში გააგზავნა. იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავი ბრაზილიური წარმოების იყო, ე.წ "შავი ყუთიც" სწორედ ბრაზილიაში გაიგზავნა.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Embraer-190 ტიპის იყო, რომელიც ძირითადად სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენების დროს გამოიყენება.
ალიევმა თქვა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს გროზნოსთან მიახლოებისას და დასძინა, რომ თვითმფრინავის ჯიპიესის სისტემები ელექტრონულმა ბლოკირებამ დააზარალა.
"ჩვენი თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს", - განუცხადა ალიევმა სახელმწიფო ტელევიზიას 29 დეკემბერს. "ამიტომ, დანაშაულის აღიარება, აზერბაიჯანისთვის დროულად ბოდიშის მოხდა, რომელიც მეგობარ ქვეყნად ითვლება და საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო“.
”სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში, ჩვენ არაფერი გვსმენია რუსეთისგან, გარდა ზოგიერთი აბსურდული თეორიისა”, - დასძინა ალიევმა რუსეთში გაკეთებულ იმ განცხადებებზე, რომლებიც ავარიას ფრინველებს, ან თვითმფრინავში აფეთქებას მიაწერდნენ.
ალიევის თქმით, ეს თეორიები აჩვენებს "რომ რუსულ მხარეს სურდა საკითხის გადაფარვა".
ალიევის ამ განცხადებებამდე ერთ დღით ადრე, პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა, მაგრამ არ აღიარა, რომ ავიაკატასტროფაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.