ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი - ახალი სახელმწიფო მდივანი


სენატორებმა აღნიშნეს, რომ ჯონ კერიმ გლობალურ საკითხებზე მუშაობას მთელი ცხოვრება მიუძღვნა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეერთებული შტატების სენატმა 94 ხმით სამის წინააღმდეგ მასაჩუსეტელი სენატორი ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. კერი ამ თანამდებობაზე მის წინამორბედს ჰილარი კლინტონს შეცვლის. სენატის სხდომის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბომანი არკვევდა.
აღსანიშნავია, რომ კერის ნომინაცია სენატში ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. ორივე პარტიის წარმომადგენლებმა კენჭისყრის დაწყებამდე ჯონ კერის მიმართ ქება არ დაიშურეს. დემოკრატმა ბენ კარდინმა სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე კერის მოღვაწეობა გაიხსენა.
„მე არ ვიცი სხვა ადამიანი, რომელსაც ამ სტრუქტურაში უფრო მეტი დრო დაეხარჯოს, უფრო მეტი ემოგზაუროს, უფრო მეტ ხალხს შეხვედროდეს საერთაშორისო დონეზე, ვიდრე კერის,“ - განაცხადა ბენ კარდინმა.
იმავე მოსაზრება გამოთქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა.
„ვერავის დავასახელებ ვინც, უფრო მეტად მიზანდასახულად იყოს ამ პოსტზე ორიენტირებული, ვიდრე ჯონ კერი,“ - განაცხადა კორკერმა.
სენატორებმა აღნიშნეს, რომ ჯონ კერიმ გლობალურ საკითხებზე მუშაობას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ახალგაზრდობაში ვიეტნამის ომში იბრძოდა. მოგვიანებით კი ამ ომის მოწინააღმდეგე გახდა. კანონმდებლის რანგში ის ოცი წლის განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოში.
დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენენდესმა ჯონ კერის დამსახურებები ჩამოთვალა.
„ის მხარს უჭერდა იმ პროგრამებს, რომელიც ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის საწყობების და მასალების უსაფრთხოებას უწყობდა ხელს, რათა მტრული ქვეყნების და ტერორისტების ხელში არ ჩავარდნილიყო. სენატში ხელმძღვანელობდა რუსეთთან ბირთვული იარაღის ახალი ხელშეკრულების გაფორმების პროცესს. არაბული გაზაფხულის დროს, სენატორმა კერიმ მხარი დაუჭირა არასაფრენი ზონის დაწესებას ლიბიაში, რამაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხელ გადაარჩინა. ასევე მან ეგვიპტეში პროტესტის დროს, ჰოსნი მუბარაქს გადადგომისკენ მოუწოდა, “ - განაცხადა მენენდესმა.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ჯონ კერის საგარეო პოლიტიკური ხედვა, პრეზიდენტ ობამას კურსთან სრულ შესაბამისობაშია.
მომავალ კვირას სენატი თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილ ჩაკ ჰეგელის კანდიდატურას განიხილავს.
XS
SM
MD
LG