„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს საქართველოს ამ ომში ჩართვის ინტერესი“, - ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
დონფრიდი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში, რეგიონის მიმართ პოლიტიკის წარმართვა აკისრია, პასუხობს მმართველი უმრავლესობის წევრების დაუსაბუთებელ თავდასხმებს შეერთებულ შტატებზე, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ინტერვიუში ის ასევე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესა და მისი ჯამრთელობის საკითხზე. სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ჩემი პირველი შეკითხვა ეხება უკრაინის ომის დასასრულს. რა არის თეთრი სახლის სტრატეგია? როგორ ხედავს თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტს ომის დასასრულს?
ინტერვიუზე ჩემი ბროლის ბურთით მოვედი, მაგრამ ცოტა ნისლიანია. მე ვიცი ის, რომ ამ ომის დაწყებაზეპასუხისმგებელი ერთი ადამიანია. ეს არის ვლადიმერ პუტინი და ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ეს ომი. რა იყო ჩვენი სტრატეგია? ჩვენ გავწიეთ აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა 22-24 თებერვლამდე. იმედი გვქონდა, რომ დიპლომატიურად გადავწყვეტდით ამ საკითხს. თუმცა ვიხილეთ ის არჩევანი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა 24 თებერვალს. ამის შემდეგ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას.
ჩვენ უკრაინას ვუწევთ სამხედრო დახმარებას, ეკონომიკურ დახმარებას და ჰუმანიტარულ დახმარებას. სამხედრო დახმარების მიზანია უზრუნველვყოთ, რომ როცა მოლაპარაკების მაგიდასთან მივალთ ომის დასასრულებლად, უკრაინა რაც შეიძება ძლიერ პოზიციაში იყოს. ვლადიმერ პუტინისგან ჩვენ ვხედავთ, რომ არ აქვს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების ინტერესი ამ მომენტში და ცოტა ხნის წინ, მან [თურქეთის პრეზიდენტ, რეჯებ ტაიპ] ერდოღანს განუცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მაშინ დათანხმდება, როცა უკრაინელები ახალ ტერიტორიულ რეალობას აღიარებენ. ახალი ტერიტორიული რეალობა მიუღებელია.
ჩვენ აქ ვიბრძვით არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენისთვის, რაც საკვანძოა, არამედ გაეროს წესდების ძირითადი პრინციპებისთვისაც, რომლებიც გულისხმობს სუვერენიტეტის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ძლიერი არ წყვეტს იმას რა არის სწორი და რა არა. ჩვენ ვმუშაობთ რათა უკრაინამ მიიღოს სამართლიანი და განგრძობითი მშვიდობა.
განიხილება თუ არა ნატოს გაფართოების საკითხი და თუ კი, რატომ არ აყენებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ საკითხს უკრაინისა და საქართველოსთვის?
ცხადია, ნატოს კარი ღიაა. ამას ადასტურებს, ფინეთისა და შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების თაობაზე და ის, რომ ნატოს 30 მოკავშირიდან ოცდარვამ მოახდინა სამიტის ოქმის რატიფიცირება. ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ როგორი სტრატეგიული მარცხია რუსეთისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გადაწყვეტილება. პუტინმა, სანამ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს დაიწყებდა თქვა, რომ ნატო ძალიან უახლოვდებოდა რუსეთის საზღვრებს, რომ მათ ამის თავიდან აცილება უნდოდათ. და რა ვიხილეთ?ეს გადაწყვეტილებები [ფინეთის და შვედეთის წევრობაზე], რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს საზღვარი რეალურად უფრო ახლოს იქნება რუსეთთან.
ნატოში გაწევრიანების სურვილი უკრაინამაც გამოთქვა. თქვენ გახსოვთ, 2008 წლის გადაწყვეტილება ბუქარესტში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს შესახებ, სადაც გადაწყდა, რომ ერთ დღეს ეს ორი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. უკრაინა ისევე აგრძელებს ამ გზას, როგორც საქართველო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოსთან საქართველოს უფრო მეტ თავსებადობას, ისევე როგორც იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ასევე დააჩქარებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.
და საქართველოს შესახებ მინდა გკითხოთ . ერთი წელია ვხედავთ და გვესმის საქართველოს მმართველი უმრავლესობის თავდასხმები შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებზე და განცხადებები, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს ჩათრევას ამ ომში. ვაშინგტონში ამაზე აქტიური საუბარი არ მიდის. მეტიც, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაზე განაცხადა, როცა ლოიდ ოსტინი ქართველ კოლეგას შეხვდა. რამდენად თანმიმდევრულია აშშ-ის პოლიტიკა, როდესაც ვხედავთ მმართველი კოალიციის პირდაპირ თავდასხმას შეერთებულ შტატებზე და ამ დროს ვაშინგტონიდან ისმის განცხადებები, რომ საქართველო პარტნიორია?
ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ ვფიქრობ, რომ საქართველო, ალბათ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებზე მეტად იცნობს რუსეთის ხელწერას და თქვენ კარგად იცით, რა გააკეთა რუსეთმა 2008 წელს და არ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები [საქართველოსთვის] გასაგებია. საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს უკრაინელების გვერდით დგას. ჩვენ გვესმის დაუცველობა, რომელსაც საქართველო განიცდის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ადმინისტრაციაში არავინაა, ვისაც სურს საქართველო, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ამ ომში ჩართული ნახოს., თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ადმინისტრაცია დიდ დროს ხარჯავს იმაზე, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს და ეს დარჩეს ომად რუსეთსა და უკრაინას შორის.
ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, უკვე ათწლეულებია, რაც აშშ-ს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს.
რაც შეეხება ტრანს-ატლანტიკური ინტეგრაციის ტრაექტორიას, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო და მხარს ვუჭერთ მთავრობის ნაბიჯებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა. ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.
უნდა გაგაწყვეტინოთ, ცოტა დრო მაქვს, ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ, რას უპასუხებდით ამ თავდასხმებს და იმ ანტი-დასავლურ განცხადებებს, რომლებიც ისმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
მე ღრმა სოლიდარობას ვუცხადებ კელი დეგნანს, ჩვენს ელჩს საქართველოში. კელი დეგნანს სახელმწიფო მდივნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან სრული ნდობა აქვს და ვფიქრობ, რომ ის ფენომენალურად უძღვება საქმეს.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუპასუხეთ იმ უსამართლო კრიტიკას, რომელიც საქართველოში ელჩი დეგნანის წინააღმდეგ გვესმოდა. გუშინ ჩვენ დეგნანის შემცვლელი დავასახელეთ, რობინ დანიგენი, რომელიც ამჟამად ჩემი მოადგილეა. და მე ვიტყვი, რომ კელი დეგნანის და რობინ დანიგენის სახით საქართველო საუკეთესო ამერიკული დიპლომატებს მასპინძლობს.
იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისმის, სად დგას დღეს საქართველო, როცა რუსეთ-უკრაინის ომს ეხება საქმე?
მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს საქართველოს ამ ომში ჩართვის ინტერესი. ამიტომ ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა. ჩვენი მიზანი უკრაინაში, ომის დასრულებაა და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ესაა ჩვენი მიზნები.
შემდეგი შეკითხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს შეეხება. ჩვენ ვიხილეთ განცხადებები შეერთებული შტატების მხრიდან მისი ჯანმრთელობის შესახებ და რომ მის ჯამრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. თუმცა არა მის სტატუსზე. ხედავს თუ არა შეერთებული შტატები მას პოლიტიკურ პატიმრად?
გარწმუნებთ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს. როგორც საჯაროდ და ასევე კერძო საუბრებშიც საქართველოს მთავრობას ბევრჯერ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს და მათი ბოლო ვიზიტის შემდგომი შეფასებით, მათი თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
მაგრამ რაც შეეხება იმას, ხედავთ თუ არა მას პოლიტპატიმრად, ამაზე პირდაპირ არ მიპასუხებთ?
აქ შევჩერდები ჩემს შეფასებაში.
და ბოლოს, მინდა მედია მენეჯერზე, ნიკა გვარამიაზე გკითხოთ, რომელიც როგორც ბევრი საქართველოში თვლის, დაუსაბუთებელი განაჩენით დააპატიმრეს. როგორ წარმოაჩენს მისი საქმე საქართველოს სასამართლო სისტემის ზოგად მდგომარეობას შეერთებული შტატების შეფასებით?
დიახ, მე აღვნიშნე ჩვენი ზოგადი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის თაობაზე. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ამაზე ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ჩვენს შეშფოთებას მათ რეგულარულად ვუზიარებთ და ეს არის ის რის განხილვასაც მათთან გავაგრძელებთ.
Facebook Forum