ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისმა დემოკრატთა საპრეზიდენტო მარათონი დატოვა


დღეს დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ წყვეტს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლას. "ბოლო დღეების მანძილზე ვითარება ყოველმხრივ ავწონ-დავწონე და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე" - უთხრა ჰარისმა მხარდამჭერებს სპეციალურ გზავნილში, რომელშიც მათ გამოუტყდა, რომ კამპანიას არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებისთვის "ფინანსური რესურსები უბრალოდ აღარ ჰყოფნის".

ბოლო 3 დღის მანძილზე დემოკრატი კანდიდატების მარათონი კიდევ ორმა პრეტენდენტმა დატოვა. კვირას, საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა ჯო სესტაკმა. ის ყოფილი სამვარსკვლავიანი ადმირალია, რომელიც 2007-2011 წლებში პენსილვანიის შტატის კონგრესმენი იყო. ორშაბათს კი მარათონიდან გავიდა სტივ ბალოკი. 53 წლის დემოკრატი მონტანის შტატის ორგზის გუბერნატორი და ყოფილი გენერალური პროკურორია.

დემოკრატ კანდიდატთა რიგები ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანია. საპრეზიდენტო მარათონში ბრძოლას ამ ეტაპზე 15 კანდიდატი აგრძელებს.

მომდევნო საპრეზიდენტო დებატები 19 დეკემბერს იგეგმება. მისი მასპინძლები იქნებიან "პოლიტიკო" და "ფი-ბი-ესი". ეს იქნება რიგით მე-6 დებატები, რომელიც ლოს-ანჯელესში, ლოიოლას უნივერსიტეტში გაიმართება. 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს სანქცია სულ 12 დებატებზე აქვს გაცემული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG