ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუსტიციის დეპარტამენტი მინეაპოლისის პოლიციის პრაქტიკას შეისწავლის


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, მინეაპოლისის პოლიციის განყოფილებაში სამოქალაქო გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ოთხშაბათს განაცხადა. ერთი დღით ადრე, ნაფიცმა მსაჯულებმა, პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

ყოფილ პოლიციის ოფიცერს, მკვლელობის მუხლით, სამი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. თეთრკანიან დერეკ შოვინს, შავკანიანი მამაკაცის დაკავებისას, მის გარდაცვალებამდე, კისერზე მუხლი 9 წუთის განმავლობაში ჰონდა დაჭერილი. დაკავებისას მასთან ერთად მყოფი დანარჩენი პოლიციელების სასამართლო პროცესი მოგვიანებით დაიწყება. ისინი სამსახურიდან ინციდენტის შემდეგ დაითხოვეს.

სამოქალაქო გამოძიება, რომლის შესახებაც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, ფართომასშტაბიანია და უნდა შეისწავლოს, არის თუ არა მინეაპოლისის პოლიციაში არაკონსტიტუციური „სისტემური პრაქტიკა.“ ამავე გამოძიებამ ასევე უნდა შეისწავლოს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები.

„საზოგადოებასა და სამართალდამცავებს შორის ნდობის მშენებლობა თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევას და დროს მოითხოვს. მაგრამ, ჩვენ ამ გამოწვევას მონდომებით და დაუყოვნებლივ ვუმკლავდებით იმის ცოდნით, რომ ცვლილებები აუცილებელია“ - განაცხადა მერიკ გარლანდმა.

გენერალური პროკურორის განცხადებას და სამოქალაქო გამოძიების დაწყებას მიესალმება მინეაპოლისის პოლიციის უფროსი. მედარია არადონდო აცხადებს, რომ მისი დეპარტამენტი გამოძიებასთან „სრულად ითანამშრომლებს“.

გენერალურმა პროკურორმა სამოქალაქო გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ბრძოლას პოლიციის რეფორმისთვის და სისტემური რასიზმის დასრულებისთვის.

პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა კონგრესს მოუწოდეს დაამტკიცონ ფლოიდის სახელობის კანონპროექტი, რომელიც საპოლიციო რეფორმებს ითვალისწინებს.

სამოქალაქო გამოძიება მინეაპოლისის პოლიციის განყოფილებაში შესაძლოა ერთ წლამდე ან მეტ ხანს გაგრძელდეს. გენერალური პროკური აცხადებს, რომ გამოძიების შედეგები მისი დასრულებისთანავე საჯარო გახდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG