ტეხასში ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ბაიდენის ადმინისტრაციის წესი, რომლითაც ამერიკის მოქალაქეების მეუღლეებს შეეძლებოდათ ლეგალური სტატუსი ქვეყნიდან სავალდებულო გასვლის გარეშე მიეღოთ. ეს, სულ ცოტა, დროებითი პრობლემა და შეფერხებაა ერთ-ერთი უდიდესი საპრეზიდენტო ინიციატივისთვის, რომელიც მოქალაქეობის მიღების გასამარტივებლად იყო გამიზნული.
ადმინისტრაციული შეჩერების ორდერი ორშაბათს შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ჯეი კემპბელ ბარკერმა გამოსცა. მან გადაწყვეტილება რესპუბლიკელი მთავარი პროკურორების ინიციატივით წარმოდგენილი, 16 შტატის სარჩელის შეტანიდან რამდენიმე დღეში მიიღო. ამ საპრეზიდენტო პროგრამით ქვეყანაში მყოფ 500,000 იმიგრანტს და მათ დაახლოებით 50,000 შვილს შეეძლო ესარგებლა.
სარჩელის ერთ-ერთი წამყვანი ავტორია ტეხასი. ტეხასმა სარჩელში განაცხადა, რომ შტატი იძულებული იყო ჯანდაცვის ფონდიდან ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის გადაეხადა, რადგან იმიგრანტები შტატში ლეგალური სტატუსის გარეშე იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პროგრამა ივნისში გამოაქვეყნა. სასამართლო ორდერი ძალაში ორი კვირის განმავლობაში იქნება, მაგრამ მისი გაგრძელება შესაძლებელია.
ადმინისტრაციის წესი შეერთებული შტატების მოქალაქეების სტატუსის არმქონე მეუღლეებს სთავაზობდა „მწვანე ბარათზე“ განაცხადის შეტანას და პროცესის მიმდინარეობის დროს ამერიკაში დარჩენას. ტრადიციულად, განმცხადებლები პროცესის დასრულებას ქვეყნის გარეთ, წლების განმავლობაში უნდა ელოდონ.
შტატების კოალიციამ ადმინისტრაციას ბრალი „აშკარად პოლიტიკური მიზნებისთვის“ კონგრესისთვის გვერდის ავლაში დასდო.
პროგრამა განსაკუთრებით საკამათო იყო არჩევნების წელს, როდესაც იმიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკითხია და ბევრი რესპუბლიკელი თავს ესხმის ამ წესს და ამტკიცებს, რომ ეს არსებითად ამნისტიის ფორმაა მათთვის, ვინც კანონი დაარღვია.