მსოფლიო ლიდერები გამომძიებელი ჟურნალისტების ახალ მასალებს ეხმაურებიან. ჟურნალისტების ჯგუფმა მილიონობით მანამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტი გამოიყენა იმისთვის, რომ დეტალურად ეჩვენებინა მოქმედი და ყოფილი ლიდერების მთელ მსოფლიოში გაბნეული საიდუმლო ქონება.
ჟურნალისტებმა 14 წყაროდან მიღებული 12 მილიონამდე დოკუმენტი შეისწავლეს. "გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი" - ICIJ - ვაშინგტონში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოდან 650 ჟურნალისტს აერთიანებს. პროექტზე სწორედ ისინი მუშაობდნენ.
მილიონობით დოკუმენტში, რომლებიც ასობით პოლიტიკოსის, საჯარო მოხელისა და ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს, საუბარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელ" ბიძინა ივანიშვილზე. სიაში ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ზონებში დაფუძნებული კომპანიებიც მოხვდა.
მასალების მიხედვით, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააფუძნა. ICIJ-ის ცნობით, მისი კომპანიების ქონებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მწირია. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი დოკუმენტაციის თანახმად, „საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების“ კონტროლი იყო. კიდევ ერთი ობიექტი – Brighton Corporate Ltd კი იმისთვის დაფუძნდა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის „გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო“. თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კი ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებს ისეთ პროექტებში, როგორიცაა ჰესები, სასტუმროები, სათბურები და ა.შ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდის დაფუძნების შესახებ 2013 წლის 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებლებმა 2011 წლის ოქტომბერში კომპანია "ალკოგალს" - ოფშორულ ზონებში კომპანიების დაარსებაში კლიენტების დამხმარე ერთ-ერთ კომპანიას - მიმართა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ფინსეკის" თაობაზე კითხვით. "ალკოგალმა" კი უპასუხა, რომ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები ივანიშვილის შვილები იქნებოდნენ. გაჟონილ დოკუმენტებში არ ჩანს, კონკრეტულად რატომ დაინტერესდა კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი ორგანო ივანიშვილის კომპანიით. კონსორციუმის ჟურნალისტებმა გიორგი ბაჩიაშვილს, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარეს კითხვებით მიმართეს, თუმცა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მათ შეკითხვებს არ უპასუხა.
მსოფლიო ლიდერების ნაწილი კი გამოქვეყნებული დოკუმენტების თაობაზე განცხადებებს ავრცელებს. უმეტესობა ამტკიცებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია. იორდანიის მეფე აბდულას ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მისი ქონების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ამის შესახებ "არაფერია უჩვეულო ან შეუფერებელი".
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ იორდანიის მმართველს კალიფორნიაში, ვაშინგტონში და სხვა ადგილებში 106 $ მილიონ დოლარად შეფასებული სახლები აქვს. მეფის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ ქონების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით არ იყო გასაჯაროებული და არა იმიტომ, რომ უბრალოდ გასაიდუმლოებულიყო. მათივე განმარტებით, ეს მეფის პირადი სახსრებითაა შეძენილი და ამ ქონების შესაძენად ან მათი მოვლისთვის საჭირო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ყოფილა გადახდილი.
დოკუმენტები, რომელსაც "პანდორის ფოკუმენტებსაც" უწოდებენ, მსოფლიოს 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერის ოფშორულ ქონებასაც აჩვენებს, მათ შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, კენიის პრეზიდენტი უჰურუ კენიატა და ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიჩი.
ჩეხეთის ლიდერი, რომელიც ამ კვირაში კიდევ ერთი ვადით არჩევისთვის იბრძვის, როგორც ჩანს ოფშორულ საინვესტიციო კომპანიას იყენებდა იმისთვის, რომ საფრანგეთის სამხრეთში 16 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვილები შეეძინა. ბაბიჩმა ნებისმიერი შესაძლო გადაცდომა უარყო და თქვა, რომ თანხა ჩეხური ბანკიდან გადაირიცხა, მან გადასახადებიც გადაიხადა და რომ ეს მისი პირადი ფული იყო, რომელიც "ჩეხეთის რესპუბლიკასვე დაუბრუნდა".
"ვაშინგტონ პოსტი", ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც ამ გამოძიების ჩატარებაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ გაანალიზებულ დოკუმენტებს შორის იყო პირადი მიმოწერები, საიდუმლო ფინანსური დოკუმენტები და კონტრაქტებიც. და ეს მასალებიც დაეხმარა ჟურნალისტებს ფინანსური სქემებისა და მათ უკან მდგომი პირებისა თუ კომპანიების ვინაობის დადგენაში.
დოკუმენტები აჩვენებს, რომ ლიდერები ხუთივე კონტინენტიდან მალავენ საკუთარ ქონებას, ხშირად კი სხვა ქვეყნებში. ამ გამოძიებამ ამჯერად ორჯერ იმაზე მეტი ოფშორული ანგარიშის მეპატრონე გამოავლინა, ვიდრე მანამდე ე.წ. "პანამის დოკუმენტებმა" - მსგავსმა გამოძიებამ, რომელიც 5 წლის წინ გამოქვეყნდა და რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა ასევე არაერთ ფინანსურ ოპერაციას მოჰფინეს ნათელი.
ახალი გამოძიების ფარგლებში 29 000-მდე ოფშორული ანგარიში და 14 განსხვავებული ფინანსური კომპანიის საქმიანობა შეისწავლა. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში - შვეიცარიაში, სინგაპურში, კვიპროსში, ბელიზში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და სხვა არაერთ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე მოქმედებენ. ანგარიშების მფლობელებს შორის კი, "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ჟურნალ "ფორბსის" მილიარდერთა სიიდან 130-ზე მეტი პირი, და 90-ზე მეტი ქვეყნისა თუ ტერიტორიის 330-ზე მეტი საჯარო მოხელეა.
ამ პირებს შორის არიან ამერიკის მიერ "მავნე ქმედებებისთვის" სანქცირებული, კრემლთან დაახლოებული თუ ოფიციალური პირებიც. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მფლობელთა შეცვლისა და სხვა ოპერაციების შედეგად, ისინი ხშირად ახერხებენ ამ სანქციებისთვის გვერდის ავლასაც. დოკუემტებში ჩანს მონაკოში წყლისპირას მდებარე ბინაც, რომელიც ჟურნალისტების აზრით, ერთ-ერთ რუს ქალს, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინის შვილის დედას ეკუთვნის. BBC-ის ცნობით კი, ყოფილი პრემიერის და მისი ცოლის მიერ ლონდონის ოფისის ოფშორული კომპანიის შეძენისას, მათ 421 000 $ დაზოგეს შესაბამისი გადასახადების გადაუხდელობით. ბრიტანული მაუწყებლის ცნობითვე, ქვეყანაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და გარემოცვის წევრებს სულ მცირე 540 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება აქვთ.
Facebook Forum