სამართალდამცავთა, ერთობლივი გლობალური ოპერაციის შედეგად, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა, 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რეიდის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკები, იარაღი, ნაღდი ფული, ძვირადღირებული მანქანები და იარაღი.
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ავსტრალიისა და ევროპის პოლიციის (EUROPOL) მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შედეგად ოპერაცია ავსტრალიაში, აზიის რამდენიმე ქვეყანაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ერთობლივად ჩატარდა.
პოლიციის მიერ განხორციელებული რეიდების დროს მოხდა მილიონობით დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის, 30 ტონა ნარკოტიკის, მათ შორის, 8 ტონა კოკაინის კონფისკაცია.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ეს ეს გლობალური ოპერაცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დიდი დარტყმა იყო არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.
ოპერაცია სახელწოდებით "მწვანე შუქი/ტროას ფარი" ავსტრალიის პოლიციამ და ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2018 წელს დაიწყეს. ეს დღემდე გლობალურ სამართალდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფილტრაციისა და კოდირებულ სატელეფონო ქსელში შეღწევის მაგალითია.
ოპერაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ამერიკელმა გამომძიებლებმა გასამართლებულ ნარკოტიკებით მოვაჭრეს ფული გადაუხადეს იმისთვის, რომ მას პოლიციისთვის წვდომა მიეცა ტელეფონზე, რომელზეც კოდირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნი სპეციალური აპლიკაცია იყო დამონტაჟებული. ათასობით ტელეფონში ამ აპლიკაციის ჩამონტაჟება ხდებოდა და შემდეგ მას კრიმინალური ჯგუფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდულობდნენ. აპლიკაციას ANOM-ი ჰქვია, რომელიც An0m-ის სახელითაც არის ცნობილი.
პროგრამაზე წვდომის მოპოვების შემდეგ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 12 000 ტელეფონში შეაღწია, რომლებიც 100-ზე მეტ ქვეყანაში 300-ზე მეტ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა.
3 წლის განმავლობაში, 17 ქვეყნის 9 000 სამართალდამცავმა ამ ტელეფონებიდან მიღებული 27 მილიონ მესიჯი გაშიფრა. შედეგად, ავსტრალიაში დააკავეს 224 ადამიანი, რომლების სხვა დანაშაულებთან ერთად, სავარაუდოდ, 21 მკვლელობას გეგმავდნენ.
სხვა ქვეყნებთან ერთად, ნიდერლანდებში 49, შვედეთში 75, გერმანიაში 60-ზე მეტი და ფინეთში კი 100 ადამიანი დააკავეს.
Facebook Forum