ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზაზე თავდასხმაში ქვეითი ჯარი და ტანკები ჩართო


ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში სახმელეთო ჯარიც ჩართო, რაც აღრმავებს შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

მხარეები აგრძელებენ ერთმანეთის დაბომბვას. პარასკევს ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები კვლავ ისროლა. ისრაელმა საპასუხოდ საარტილერიო და საჰაერო დაბომბვის ოპერაციები გამოიყენა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელმა პარასკევის იერიშში 160 სამხედრო თვითმფრინავი გამოიყენა. ოპერაციაში ასევე ჩართული იყო სახმელეთო ჯარის სამი ბრიგადა თავისი სატანკო შეიარაღებით.

პარასკევს ისრაელის შეიარაღებული ძალების „ტვიტერის“ ანგარიშზე პოსტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც „მიმდინარე თავდასხმა ღაზაში მიმდინარეობდა“. თუმცა მოგვიანებით გზავნილი შეასწორეს და თქვეს, რომ თავდასხმა ღაზის მიმართულებით ისრაელის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა.

ღაზაში მცხოვრებმა მოსახლეობამ საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ისრაელიდან ღაზაში შესული ტანკები არ უნახავთ, თუმცა მათ დაადასტურეს ის, რომ ისრაელი ინტენსიურ საჰაერო კამპანიას ეწევა.

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ეს ბოლო დაპირისპირება ხუთი დღის წინ დაიწყო. გაეროს უშიშროების საბჭო კვირას საგანგებო შეხვედრაზე შეთანხმდა. აქამდე შეხვედრის დაგეგმვა შეერთებული შტატების მხრიდან დაყოვნების გამო ვერ მოხერხდა.

ღაზაში, ადგილობრივი მთავრობის ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 103 პალესტინელი ემსხვერპლა, აქედან 27 ბავშვი და 11 ქალია. ამასთან, დაშავებულია, დაახლოებით, 530 ადამიანი. ისრაელის მხარეს დაღუპულია შვიდი, მათ შორის, ერთი ბავშვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG