ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რით დასრულდა ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკება?


სამშვიდობო პროცესი ისტორიულად დაპირისპირებულ მხარეებს შორის თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად განახლდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00
ბმული

ვაშინგტონში გამართულ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მასპინძლობდა. დედაქალაქში ჩამოსული დელეგაციის ხელმძღვანელები თეთრ სახლში პრეზიდენტმა ობამამაც მიიღო. უშუალოდ მოლაპარაკების მოდერირებას კი შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ისრაელში, მარტინ ინდიკი ახორციელებდა.

შეხვედრების შემდეგ მოწყობილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯონ კერი ორივე მხარის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს სახელმწიფო მდივანთან ერთად ისრაელის იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი და პალესტინელთა წამყვანი მომლაპარაკებელი საებ ერეკატი პასუხობდნენ. ჯონ კერის შეფასებით, მხარეებს შორის გამართული დისკუსიები „პოზიტიური და კონსტრუქციული“ იყო. ის დარწმუნებულია, რომ ისრაელს და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება სავსებით შესაძლებელია.

თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული დისკუსიებიდან გამომდინარე, ჯონ კერი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და თან ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა არსებული საზღვრები, დევნილების და იერუსალიმის ბედი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა თემაზე ისაუბრებენ: ძირეულ საკითხებზე, საბოლოო სტატუსის პრობლემაზე და მრავალ სხვა თემაზე, რომელიც მხარეების დაპირისპირებას განაპირობებს. „მათზე საუბარს ერთადერთი მიზანი აქვს: კონფლიქტის და ურთიერთბრალდებების დასასრული დავინახოთ“ - აცხადებს ჯონ კერი.

ისრაელის იუსტიციის მინისტრი, ციპი ლივნი ამბობს, რომ ვაშინგტონში „პრობლემებით მოცული ცვალებადი რეგიონიდან“ იმიტომ ჩამოვიდა, რომ მისი ხელისუფლება „ისრაელის მოქალაქეების წინაშე მოვალეა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი იღონოს მათი უსაფრთხოების დაცვისთვის“. თუმცა, ისრაელის იუსტიციის მინისტრი იმასაც აღნიშნავს, მის გუნდს არ გააჩნია ის ილუზია, რომ დასახული მიზნის განხორციელების გზა იოლი და სწრაფი იქნება.

ყველამ ვიცით, რომ ეს რთული ამოცანაა. იქნება ზენიტიც და იქნება დაცემაც. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მოლაპარაკებები მიზნად არ ისახავს წარსულის შესახებ კამათს. გვინდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზები ვეძებოთ და ვისაუბროთ ისეთი გადაწყვეტილებებზე, რომელიც მომავლის შენებას სჭირდება“ - განაცხადა ციპი ლივნიმ.

პალესტინელთა წამყვანმა მომლაპარაკებელმა, საებ ერეკატმა მადლობა გადაუხადა რა პრეზიდენტ ობამას და ჯონ კერის, დასძინა, რომ არავინ ისე მოგებული არ დარჩება წარმატებული მოლაპარაკებების შედეგით, როგორც პალესტინა.

საებ ერეკატის თქმით, ის აღფრთოვანებულია იმით, რომ „საბოლოო სტატუსის თემა მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გადაწყდება. დადგა დრო, პალესტინელ ხალხს საკუთარი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ჰქონდეთ“.

მოლაპარაკება ისრაელს და პალესტინლებს შორის ვაშინგტონში ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა. სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთის ორ უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეს შორის სამწლიანი ინტერვალის შემდეგ პირველად განახლდა. შეხვედრების დასასრულს ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განხილვების მთავარი თემები ძალიან კომპლექსური და რთულია, ამიტომ ორივე მხარეს შემდგომ მოლაპარაკებებზე „გონივრულ კომპრომისებზე“ წასვლისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG