ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ბაღუზის სიახლოვეს, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიის ბოლო ნაგლეჯებს ბომბების წვიმა დაატყდა თავს.
შაბათ დილისთვის, ის, რაც იმ ადგილიდან დარჩა, იყო დამწვარი მანქანებით, მიტოვებული ბანაკებით და სურსათის მარაგით მოფენილი ტერიტორია, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების ბოლო მებრძოლებმა და მათი ოჯახის წევრებმა მიატოვეს.
რამდენიმე გადარჩენილი შენობიდან ერთ-ერთის თავზე, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა საკუთარი დროშა აღმართა და იმ თვითგამოცხადებული სახალიფოს სიკვდილი იზეიმა, რომელმაც ტერორი და სიკვდილი მოუტანა ხალხს, რომლის მართვასაც ეცადა.
დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მიღწეული გამარჯვების აღსანიშნავ ცერემონიაზე, სირიის დემოკრატიული ძალების გენერალურმა დირექტორმა მაზლუმ ქობანიმ ოფიციალურ პირებს და კოალიციაში შემავალ პარტნიორებს უთხრა:
“ხუთი წლის ბრძოლის შემდეგ, ჩვენ აქ ვართ რათა “ისლამური სახელმწიფოს” ფიზიკური დამარცხება და მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მისი საჯარო გამოწვევის დასასრული გამოვაცხადოთ. დღეს, ჩვენ ორგანიზაცია ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს განადგურებას და მის მიერ ბაღუზის რეგიონში უკანასკნელ ტერიტორიაზე კონტროლის დასრულებას ვაცხადებთ.”
თუმცა აპლოდისმენტებსა და ორკესტრის მუსიკას შორის, სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურებმა და კოალიციის ოფიციალურმა პირმა პატივი მიაგეს დემოკრატიული ძალების ჯარისკაცებს, რომელთაც გამარჯვების საფასური საკუთარი სისხლით გადაიხადეს. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც თავისი მმართველობის ზენიტში ყოფნისას, სირიის თითქმის მესამედს და თითქმის მთელ ერაყს აკონტროლებდა, დაახლოებით 11 ათასი მებრძოლი დაიღუპა.
თითქმის ბოლო წუთამდე, პარასკევ ღამიდან შაბათის დილამდე, “ისლამური სახელმწიფო” თავს გამძვინვარებით იცავდა. იყენებდა ბომბებიან თვითმკვლელებს, ცოცხალ ფარად იყენებდა ბავშვებს, რათა ჩაბღაუჭებოდა მიწის ბოლო ნაგლეჯს, სადაც თავისი შავი დროშის აღმართვას შეძლებდა.
შაბათს, ჯერ კიდევ ზუსტად არ იყო ცნობილი, თუ რა ბედი ეწია ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე ასეულ, ყველაზე გამობრძმედილ და ერთგულ მიმდევარს. დილისთვის საჰაერო დარტყმები ძირითადად კლდისკენ იყო მიმართული, სადაც დემოკრატიული ძალების და კოალიციის ოფიციალური პირების თანახმად, შეიძლებოდა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებსგვირაბების დიდ სისტემასთან წვდომა ჰქონოდათ, რომელიც ათობით ათასი ადამიანის დამალვაში დაეხმარებოდა და რომელთა ბოლო ნაწილიც კვირის დასაწყისში დანებდა.
პირველი მინიშნებები, რომ ბაღუზის რაიონში “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა დასრულდა, შაბათ დილით გაჩნდა. სირიის დემოკრატიული ძალების პრეს-მდივანმა მუსტაფა ბალიმ “ტვიტერით”“ე.წ. ხალიფატის სრული განადგურება” გამოაცხადა.
ამაზე სულ 12 საათით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსგავსი განცხადება გააკეთა.
თავდაცვის მდივნის მოვალეობის შენსრულებელ პატრიკ შანაჰანთან თათბირის შემდეგ, ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ისლამური სახელმწიფო” “100 პროცენტით დამარცხებული იყო”.
თუმცა ტრამპის განცხადება თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირებმა და სირიის დემოკრატიულმა ძალებმა სწრაფად უარყვეს.
მუსტაფა ბალიმ “ამერიკის ხმის” ქურთულ სამსახურს პარასკევს უთხრა, რომ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა, მისი ძალები “ისლამურ სახელმწიფოს” ჯერ კიდევ ებრძოდნენ და დამატებითი საჰაერო დარტყმები განხორციელდა.
შაბათსაც კი, სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურმა პირმა ფრთხილად მიანიშნა, რომ ხალიფატის საბოლოოდ დამხობის მიუხედავად, საშიშროების გაქრობა ჯერ კიდევ შორსაა. ქობანიმ მოიხსენია “ისლამური სახელმწიფოს” უამრავი იატაკქვეშა ჯგუფი, რომელიც რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის დიდ საფრთხედ რჩება.
თავდაცვის უწყების მაღალი თანამდებობის პირმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” სირიაში და ერაყში, სულ ცოტა “ათობით ათასი” მებრძოლი და მხარდამჭერი ჰყავს და დაჯგუფების მაღალი რანგის ხელმძღვანელობა, თვითგამოცხადებული ხალიფის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ჩათვლით თავისუფალია.
შეშფოთებას იწვევს ასევე ათასზე მეტი უცხოელი მებრძოლის საკითხი, რომელიც ამჟამად სირიის დემოკრატიულ ძალებს ჰყავს დატყვევებული და შესაბამის ქვეყნებს არაერთხელ სთხოვა მათი უკან წაყვანა და ბრალის წაყენება.
ბაღუზში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას, კოალიციის ამერიკელმა მრჩეველმა უილიამ რობაკმა პირობა დადო, რომპრეზიდენტ ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ სირიაში განლაგებული 2 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის უმეტესობა ქვეყანას დატოვებს, ვაშინგტონი სირიის დემოკრატიულ ძალებს და სხვა პარტნიორებს არ მიატოვებს.
კოალიციისადმი მხარდაჭერის პირობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმაც.
Facebook Forum