ბოლშევიკური, ოქტომბრის რევოლუციიდან 100 წელი გავიდა. რევოლუციას საქართველოსა და რეგიონში, წითელი არმიის სისხლიანი მეთოდებით, საბჭოთა კავშირის შექმნა მოჰყვა. კომუნიზმს მსოფლიოს გარშემო 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ და სხვა თემებზე ამერიკის ხმა, წიგნის "რუსეთის გამოგონება" ავტორს და გამოცემა "ეკონომისტის" რუსეთის და აღმოსაველთ ევროპის მიმართულების რედაქტორს, არკადი ოსტროვსკის ესაუბრა.
პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. წიგნში "რუსეთის შექმნა: გზა გორბაჩოვის თავისუფლებიდან პუტინის ომამდე" საბჭოთა კავშირის დაშლიდან პუტინის რუსეთამდე პერიოდზე წერთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვხვდებით საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას ამ ქვეყნებში? საქართველოში გამოკითხვების თანახმად მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის ცუდი იყო.
ხალხს სტაბილურობა ენატრება. ხალხი საბჭოთა კავშირს რაღაც მნიშვნელოვანთან აკავშირებს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს მნიშვნელობა საბჭოთა კავშირში დიდი იყო. ის არა მარტო ხილის და ღვინოს ექპორტიორი იყო საბჭოთა იმპერიისთვის, არამედ კულტურისაც. მოსკოვის თეატრის და კინოს საზოგადოება აორმაგებდა ამ ხელოვნების მნიშვნელობას, რომელიც ობიექტურად კარგი იყო. ამ ყველაფრის მიმღები მოსკოვი იყო. საქართველოს შემოქმედებითი წრეები ამ დიდი იმპერიის ნაწილი იყო და ბევრისთვის ქართულ ინტელიგენციაში ამ სტატუსის დაკარგვა დიდ მნიშვნელობას ატარებდა.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ხშირად გაიგონებთ, რომ საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად დაიშალა, თუმცა ეს საქართველოსთვის ასე არ ყოფილა. საქართველო იყო ქვეყანა, სადაც სამოქალაქო ომი ძალზედ სასტიკი იყო და რამდენიმე წელი გაგრძელდა. საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლას, სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია. რა თქმა უნდა, ხალხი ამას ტრაგიკულად აღიქვამს.
მესამე მიზეზი ვფიქრობ არის ის, რომ გარდაქმნის სირთულეები წინასწარ არ იყო გათვლილი. ქართული პოსტ-საბჭოთა ისტორია შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ, ვარდების რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ. საქართველო ეროვნული იდენტობით მრავალ საუკუნოვანი ქვეყანაა, თუმცა როგორც თანამედროვე სახელმწიფო, ის მხოლოდ 14 წლისაა. ეს ძალიან ცოტაა.
რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 100 წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, კომუნიზმი გადავლახეთ თუ საბჭოთა მემკვიდრეობის აჩრდილი ჯერ კიდევ არ გამქრალა?
საბჭოთა მემკვიდრეობას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამის მიზეზები კი საბჭოთა ეკონომიკის სტრუქტურა და ადამიანების აზროვნებაა. საბჭოთა მემკვიდრეობას უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ვიდრე მის იდეოლოგიას ჰქონდა. ამაში პატერნალიზმი, კლიენტალიზმი, შიში და სხვა მსგავსი თემები შედის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ორი შეცდომა დავუშვით. ერთი ის, რომ იმის გამო, რომ კავშირი დაიშლა, გადავწყვიტეთ საბჭოთა ისტორია მოგვესროლა და არ გავაგრძელეთ მისი შესწავლა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მეორე შეცდომა ისაა, რომ ის იდეოლოგიურად იქნა უარყოფილი, შეფასებების და ანალიზის გარეშე. სწორედ ამიტომ, ეს სიმსივნე ისევ ბრუნდება.
როგორ ფიქრობთ, დღეს, რუსეთში და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ცდილობენ ისტორიის გადაწერას, მის რეკონსტრუქციას და ახალი ნარატივის შექმნას?
როგორც ძველ საბჭოთა ხუმრობაშია: მომავალის განჭვრეტა ადვილია, წარსულისაა რთული. რა თქმა უნდა, ისტორიის მანიპულირება ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარი რესურსია. ერთხელ ჯორჯ ორველმა თქვა, შეიძლება ზუსტად ვერ გავიხსენო: ის, ვინც აკონტროლებს წარსულს, გააკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის აკონტროლებს წარსულს.
რუსეთში ისტორიის ხელახლა გადაწერა ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ბოლშევიკური რევოლუცია ერთ-ერთი შემთხვევაა, რომელიც არ აღინიშნება რუსეთში, ვინაიდან, რევოლუციის იდეა პუტინის რეჟიმისთვის ანათემაა. ის “აღდგენას” ეყრდნობა. მეორეს მხრივ, ვლადიმერ პუტინმა შექმნა ნარატივი, რომ დღევანდელი რუსეთი რუსეთის იმპერიის გაგრძელებაა. ამიტომ, ნებისმიერი წყვეტა ამ ქრონოლოგიაში მისთვის არ არის მოსახერხებელი. ამიტომ მას ამ წარსულის დავიწყება ურჩევნია. ეს ისტორიასთან შერიგების ნაცვლად, მისით მანიპულირების მცდელობაა.
საქართველომ და უკრაინამ დეკომუნიზაციის პროცესის გატარება სცადეს. უკრაინის შემთხვევაში ეს უფრო სიმბოლიზმს, ძეგლებს და საკანონმდებლო ინიციატივებს უკავშირდებოდა. საქართველოში ამას უფრო პრაქტიკული სახე ქონდა და პროცესი რეფორმებს უკავშირდებოდა. რა არის დეკომუნიზაციის, ან კომუნიზმისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა?
ძეგლების ჩამოგდებაა და ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა ადვილი ნაწილი საქმეა. მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დაშლა არის. სისტემის მთავარი არსი პატრონაჟია, პატრონაჟი - რომლის დროსაც არ არსებობს ღია წვდომა ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ რესურსებზე და ყველაფერი ელიტის სასარგებლოდ კეთდება. არ არსებობს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შეჯიბრი. მონუმენტების ჩამოგდება შეგვიძლია, თუმცა, ეს საკმარისი არაა. ვარდების რევოლუცია და მაიდანიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. როგორც უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, მექანიზმი მეორდება ყველა რეჟიმის პირობებში. ასე რომ, ეს პროცესი უფრო კომპლექსურია, ვიდრე ლენინის ძეგლის ჩამოგდება.
ასევე, როდესაც საქმე ეხება წარსულს, საჭიროა იყო ინტელექტუალურად გულახდილი. ისტორიისგან იდეოლოგია არ უნდა შექმნა. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, წარმატებული რეფორმები. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სტალინის ძეგლი ჩამოხსნა, ქონდა იდეა რომ მუზეუმი შეექმნა გორში. როდესაც საქართველოს მთავრობამ ეს გააკეთა, სტალინი არავის მონატრებია, რადგან მაშინ სააკაშვილმა საქართველოს მობილიზაციის და წინსვლის განცდა შეუქმნა. იყო აღქმა, რომ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პროექტმა ბევრი მტრულად განაწყო, ეს ძალიან დიდი პროექტი იყო, რომელმაც საქართველო გლობალურ რუკაზე დაიტანა. ყველამ აქ, ვაშინგტონში, პარიზში და ლონდონში, იცის რომ ჯორჯია მხოლოდ ამერიკის შტატი არაა და რომ ის დამოუკიდელი, სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა.
შეგვიძლია საბჭოთა კავშირსა და პუტინისი რუსეთს შორის პარალელების გავლება?
დღევანდელ რუსეთში საბჭოთა მემკვიდრეობის და საბჭოთა სიმბოლიზმის ელემენტებს ვხვდებით. სისტემის მექანიზმის ნაწილები იგივეა. ზოგჯერ, ამას ხავერდოვან სტალინიზმს, თუ ‘ლაით” სტალინიზმს ეძახიან. თუმცა, მე არ მომწონს მსგავსი იარლიყები. ვფიქრობ, რუსეთი დღეს მეტწილად იმავე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც 100 წლის წინ, ბოლშევიკური რევოლუციის დროს იდგა. ერთია საშუალო კლასის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება პოლიტიკური სისტემის ჩამორჩენილობის ფონზე. მეორე თემა კი მემკვიდრეობაა, რომელიც რუსეთში ახლა ცენტრალური პოლიტიკური საკითხია.
Facebook Forum