ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმი და ცივი ომი ძველი ტაქტიკით


ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთის შეკავებისთვის სპეციალური ფართომასშტაბიანი ზომების მიღებაა საჭირო. კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტებში უკვე შეათანხმეს კანონპროექტი, რომელიც 4.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ევროპაში რუსეთის შეკავება საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც გულისხმობს. კონკრეტულად, რა შეიძლება მოიაზრებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით, იქნება ეს სამხედრო, ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება. ამის შესახებ ჩვენთან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ მოვლენას. ესაა დადასტურება, ილუსტრაცია იმისა, რომ დასავლეთი, აშშ-ის ლიდერობით უკვე ძალიან კარგად ერკვევა, რა ხარისხის საფრთხე მოდის რუსეთის ფედერაციისგან, არა მხოლოდ უშუალოდ მეზობლებთან, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასთან მიმართებითაც. როდესაც ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი იქმნება, რომელსაც ორივე პარლამენტისა და პრეზიდენტის მხარდაჭერა აქვს, ის გრძელვადიანად მუშაობს. ეს იქნება ზეწოლისა და ზეგავლენის ინსტრუმენტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი თავის აგრესიულ და რევიზიონისტულ პოლიტიკას განახორციელებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირდაპირაა მოხსენებული ტექსტში, როგორც ერთ–ერთი მთავარი ბენეფიციარი და საჭიროებები, რაც დადგება ქვეყნის წინაშე, მოემსახურება ეს რესურსი. ჩვენ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვართ რუსეთის მხრიდან. ეს ცნობილი პარადიგმაა ჰიბრიდული ომების, რომლის ინსტრუმენტები გამოიყენება ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორც არის პროპაგანდა, კიბერშეტევები, კამპანიები, რომელიც ცალსახად სამხედრო კამპანიის სახეს არ ატარებს, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს სახელმწიფოს.“

ზოგადად, არაპროგნოზირებად რუსეთში დასავლეთი საფრთხეს ხედავს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხები ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისკენაც იქნება მიმართული. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევს საქართველოსთვის პრიორიტეტულად, რაც აშშ–ის ინიციატივით შესაძლოა იყოს მხარდაჭერილი, დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ ეს ეროვნული საკითხია:

„დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეროვნული მედეგობის გაზრდა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ეროვნული მიდგომით და იმ კომპონენტების გააქტიურებით, რაც ითვალისწინებს საზოგადოებრივ ჩართულობას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, მედია რესურსების გაძლიერებას. აქ არაა საუბარი სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე, რასაც სხვა ტიპის პროგრამების ფარგლებში ახორციელებს აშშ.“

იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი რუსული საფრთხეების განეიტრალებას ცდილობს, ამ საფრთხეებს შორის კი არც თუ უმნიშვნელო ადგილი პროპაგანდას უკავია, ქართული საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა ქვეყანაში, რუსული მედიით პუტინის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს და აცხადებს, რომ ის მისაბაძი პრეზიდენტია.

უშიშროების საბჭოს მდივანი ამის შესახებ აცხადებს: „როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური წარსული მქონე ადამიანი ხდება რუსული ნარატივის ტირაჟირების თანაავტორი, ბევრი ადამიანის გონებაში ეს დაბნეულობას იწვევს. ამ ნარატივის ნაწილია ის, რომ თურმე რუსეთში არის პლურალიზმი, სამართალი, თურმე ის ღირებულებების სიტემაზეა აგებული, რომელიც დასაცავია. ამგვარი ნარატივების ტირაჟირება საქართველოში სახიფათოა, ის დაბნეულობას იწვევს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება. პუტინი ხომ მართლა საქართველოს სახელწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ მოწადინებული პოლიტიკოსია, ის ხომ თავისი ქმედებებით ყოველთვის ცდილობს საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეასუსტოს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა და მათი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ამბობენ, რა პოზიციაზე დგანან და რას ემსახურებიან.“

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას რონდელის ფონდის მკვლევარი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ დღეს სახეზე გვაქვს ისეთი მწვავე დაპირისპირება აშშ–სა და რუსეთს შორის, როგორიც ცივი ომის დროს იყო. თუმცა, ამჯერად ამ პროცესს ეს სახელი არ აქვს. „რუსეთი იგივე ტაქტიკას იყენებს, რასაც ცივი ომის დროს იყენებდა,“ ამბობს უტიაშვილი. „აშკარაა, რომ ჩვენ შევედით ახალი დაპირისპირების ეპოქაში, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს აღარ მოსწონს არსებული მსოფლიო წესრიგი და ცდილობს მის შეცვლას. რუსეთის ამ მცდელობას წინ ეღობება „ფრონტისპირა“ სახელმწიფოები: საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები. დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გაამაგროს და დაიცვას ისინი. სხვაგვარად რუსეთის შეჩერება უფრო რთული იქნება,“ აცხადებს იგი.

ჩვენს კითხვაზე იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ვუწოდოთ „სკანდალური“ თავად კანონპროექტის სათაურს („ევროპაში რუსეთის შეკავება“), უტიაშვილი ამბობს, რომ ეს სკანდალური, შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ მოგვჩვენებოდა. „მართალია, ამ პერიოდს „ახალ ცივ ომს“ არ არქმევენ, მაგრამ ის, რომ თანამშრომლობის ეპოქიდან გადავედით კონფრონტაციის ეპოქაში, ამას ყველა აღიარებს. თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პოლიტიკა შეკავება იყო – ესეც ცნობილია. ტერმინი „ცივი ომი“ ყურს ჭრის ყველას, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახალი გლობალური დაპირისპირების ეპოქაში, ცხადია. ისიც აშკარაა, რომ რუსეთი იგივე ტაქტიკას იყენებს, რასაც ცივი ომის დროს იყენებდა.“

4.6 მილიარდი დოლარის გამოყოფა ევროპაში რუსეთის შეკავების მიზნით აშშ–ის 2018 წლის ბიუჯეტში გაიწერება მას შემდეგ, რაც მას წარმომადგენელთა პალატა და სენატი მიიღებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG