ინდოეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200,000-ს გადააჭარბა. გარდაცვალების რიცხვთან ერთად იზრდება ახალი დაავადებების და გავრცელების მაჩვენებელიც.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, ოთხშაბათს, ერთ დღეში გარდაცვლილთა 3,293 დადასტურებული შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებლია ქვეყნისთვის.
სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით, გარდაცვლილია 201,187 ადამიანი. ქვეყანაში ერთ დღეში ამოჩენილი ახალი შემთხვევების რიცხვის რეკორდიც დამყარდა, ოთხშაბათს, ინდოეთში კოვიდ-19-ის 360,960 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, იქ ახალი ვირუსით 18 მილიონი ადამიანია დაავადებული.
კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღამ, ინდოეთი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გადავსებულია საავადმყოფოები. მედპერსონალი გადამწვარია და პაციენტების სიმრავლის გამო, ღამეების განმავლობაშიც აღარ სძინავს. საავადმყოფოებს აღარ ჰყოფნით სამედიცინო ტექნიკა პაციენტების სამკურნალოდ. ბევრი სკვერი და ღია სივრცე კი კრემატორიუმად გადაკეთდა, რათა ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები დაწვან.
ქვეყნის დახმარებას ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება. სამშაბათს, ინდოეთს ბრიტანეთმა 100 სასუნთქი აპარატი და 95 ჟანგბადის ნიღაბი გაუგზავნა. საფრანგეთი კი ქვეყანას ჟანგბადის გენერატორს აწვდის, რომელიც ჟანგბადის ნიღბებისთვის 250 პაციენტის სამყოფ აპარატს ამუშავებს.
ქვეყნის დედაქალაქმა, დელიმ, ასევე, 70 ტონა ჟანგბადი მიიღო, თუმცა, მიუხედავად ყველა დახმარებისა, რასაც ქვეყნის დედაქალაქი, ეპიდაფეთქების ცენტრი იღებს, სიტუაცია, მაინც უკონტროლო და მძიმეა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" თქვა, რომ ისინი ინდოეთისთვის ჟანგბადის 4,000 კონცენტრატორის მიწოდებაზე მუშაობენ.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გამწვავებას ხელი შეუწყო ორი რელიგიური დღესასწაულის გამო მასობრივმა თავყრილობებმა და ასევე ვაქცინაციის სიმცირემ.
Facebook Forum