ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ინდოეთს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება


ოჯახის წევრები კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანის საავადმყოფოში დაწვენას ცდილობენ. დელი, ინდოეთი, 23 აპრილი, 2021 წ.
ოჯახის წევრები კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანის საავადმყოფოში დაწვენას ცდილობენ. დელი, ინდოეთი, 23 აპრილი, 2021 წ.

შეერთებული შტატები ინდოეთს მეტ სამედიცინო დახმარებას მიაწვდის, რათა პანდემიასთან ბრძოლაში შექმნილ კრიზისთან გამკლავებაში დაეხმაროს. ვაშინგტონის დაპირების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კვირას, ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ესაუბრა ინდოელ კოლეგას აჯიტ დოვალს.

"როგორც ინდოეთმა გამოუგზავნა დახმარება შეერთებულ შტატებს, როცა ჩვენი საავადმყოფოები პანდემიის ადრეულ ეტაპზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ჩვენც მტკიცედ დავუდგებით გვერდში ინდოეთს ამ გასაჭირის ჟამს" - დაწერა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ინდოეთი დღეს გლობალური პანდემიის ახალ ეპიცენტრად იქცა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირზეა. ინფიცირებულთა აღრიცხული რაოდენობა ინდოეთში 17.3 მილიონზე მეტია, კოვიდ-19-ის გართულებებით დაღუპულთა რიცხვი კი 195 ათასს აჭარბებს. თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ რეალური სტატისტიკური მონაცემები ორივე მიმართულებით ორ-სამჯერ მეტი იყოს.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ემილი ჰორნმა დააზუსტა, რომ ამერიკა ინდოეთს ვაქცინის ზოგიერთ კომპონენტს მიაწვდის, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქამდე მათი ექსპორტირება ვაშინგტონს აკრძალული ჰქონდა.

სხვა ტიპის დახმარებასთან ერთად, ამერიკა ინდოეთს მიაწვდის ტესტირების კომპლექტებს, სამედიცინო პერსონალის დაცვისთვის აუცილებელ აღჭურვილობას და სპეციალურ ვენტილატორებს, რაც იქ ახლა განსაკუთრებით დეფიციტურია. ორივე ქვეყნის ლიდერთა მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან სისტემატურ კონტაქტს შეინარჩუნებენ და განახლებულ ინფორმაციას მიაწვდიან.

ინდოეთში კვირას კიდევ ერთი რეკორდული მონაცემი დაფიქსირდა. 350 000-ზე მეტი დადასტურებულად ინფიცირებული ერთ დღეში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოს სხვა არცერთ ქვეყანას არ ჰყოლია. ამასთან, ინდოეთი რეკორდს უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა ამყარებს. ქვეყანაში საავადმყოფოები გავსებულია და ვაკანტური ინტენსიური თერაპიის პალატები თითქმის აღარ არის. სამედიცინო პერსონალი პაციენტებს მოუწოდებს, კლინიკაში საკუთარი ჟანგბადის ბალიშებით მოვიდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG