ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძაღლების ჩხუბი - ქართული საზოგადოების ტესტი


2017 წლის იანვარი - ძაღლების ჩხუბი მესტიაში
2017 წლის იანვარი - ძაღლების ჩხუბი მესტიაში

ცხოველთა დაცვის რამდენიმე ათეულმა აქვისტმა, წუხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კიდევ ერთხელ გააპროტესტა საქართველოში სისხლიანი სანახაობის - ძაღლების ჩხუბის ფაქტი, რომელიც იატაკქვეშეთში არსებობის მიუხედავად, წლიდან წლამდე, სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

ამ არალეგალური ქსელის, შედარებით ორგანიზებული ნაწილი, ძაღლების ჩხუბში „საქართველოს ჩემპიონატსაც“ კი აწყობს. აქვთ შემუშავებული „წესები“, ჯიშებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით, ჰყავთ „მსაჯები“, ბუქმექერები და რაც მთავარია, მაყურებელი, რომელიც მზად არის ძაღლის დასახიჩრებაზე ან სულაც სიკვდილზე, დიდი ფული მოიგოს. ფსონები 20 დოლარიდან იწყება და 20 000 დოლარამდეც კი ადის.

ძაღლებს საქართველოს ყველა რეგიონში აჩხუბებენ
ძაღლებს საქართველოს ყველა რეგიონში აჩხუბებენ

„ეროვნულ ჩემპიონატში“ გამარჯვებული ძაღლები უფრო დიდი მოგების მიზნით, საჩხუბრად სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაშიც კი დაჰყავთ.

საპასუხოდ, უცხოელ „მეტოქეებს“ თბილისის ზღვის მიდამოებში, მარტყოფში, საგარეჯოსა და სხვა, სპეციალურად შერჩეულ ადგილებში „მასპინძლობენ“. სარფიანი ბიზნესია ასევე „ჩემპიონი“ მებრძოლი ძაღლების შეჯვარება და ლეკვების გაყიდვა.

ამჯერად, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს აღშფოთების მიზეზი მესტიიდან მისცეს. იქაურმა მკვიდრმა საკუთარი ძაღლის ჩხუბისა და „გამარჯვების“ ამსახველი, ჩხუბის უსასტიკესი ვიდეო, რომელსაც ასამდე მესტიელი დიდი აზარტით ადევნებდა თვალს, სიამაყით ატვირთა სოციალურ ქსელში. ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ფაქტზე მოკვლევა დაეწყო.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ ამ სისასტიკესთან გამკლავება ქართული საზოგადოების ტესტია

„ეს არის სისასტიკე, ამ ორგანიზებული ჩხუბის დროს, ძაღლები გლეჯენ ერთმანეთს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს სიკვდილით მთავრდება. ცალკე პრობლემაა, როდესაც ამ სასტიკ სანახაობაზე ბავშვები და ახალგაზრდობა დაჰყავთ, ამის შემდეგ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და კომპლექსებით სავსე პიროვნებებს ვიღებთ ჩვენს საზოგადოებაში.“
თეიმურაზ წიქორიძე, ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე

„ეს არის სისასტიკე, ამ ორგანიზებული ჩხუბის დროს, ძაღლები გლეჯენ ერთმანეთს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს სიკვდილით მთავრდება. გარდა ამისა, იმ ძაღლს, რომელმაც წააგო ჩხუბი, არ მოკვდა, მაგრამ ძლიერი დაზიანებები მიიღო, პატრონები ან თავად კლავენ, ან ქუჩაში აგდებენ უპატრონოდ. ასეთი დასახიჩრებული ძაღლები ბევრია, როგორც თბილისის ქუჩებში, ისე თავშესაფრებში.

ცალკე პრობლემაა, როდესაც ამ სასტიკ სანახაობაზე ბავშვები და ახალგაზრდობა დაჰყავთ, ამის შემდეგ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და კომპლექსებით სავსე პიროვნებებს ვიღებთ ჩვენს საზოგადოებაში.“

თბილისის საკრებულოს მიერ, 2015 წელს მიღებულ „ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში“ პირდაპირ წერია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, „ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია“. მსგავსი შეზღუდვებია საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების კანონმდებლობაშიც.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად; არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“

სასტიკ სანახაობას საქართველოში ბევრი მაყურებელი ჰყავს
სასტიკ სანახაობას საქართველოში ბევრი მაყურებელი ჰყავს

ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ეს „მკვდარი“ მუხლია, რადგან ძალღების ჩხუბის გამო დღემდე არავინ დასჯილა და პოლიციის რეაგირება მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. ისინი კანონმდებლოს გამკაცრებას მოითხოვენ.

ძაღლების ორგანიზებული ჩხუბის გარდა, უფლებადამცველთა თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მოჩხუბარ ძაღლს: პიტბულს, სტაფს ან კავკასიურ ნაგაზს, "უკეთ გაწვრთნის მიზნით", მიუსაფარ, უმწეო მეტისს მიუქსევენ და აგლეჯინებენ.

2016 წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტი, „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ რომელიც „ცხოველთა გაწრთვნაზე ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ორთაბრძოლების ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღებასა და გავრცელებაზე, ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით შეგნებულად ფულის აღებაზე, ასევე საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენებაზე ორთაბრძოლების მოსაწყობად, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზებაზე, ჩატარებასა და პროპაგანდაზე“, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, თუმცა, მისი კანონად ქცევა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ კანოპროექტის განხილვა მეცხრე მოწვევის პარლამენტში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. „ის რომ კანონმდებლობა არ მუშაობს ქართული საზოგადოების ბრალია“ - ამბობს გუშინდელი საპროტესტო აქციის მონაწილე სოფიო ჯიბუტი

ყველას მოვუწოდებ, ვინც სადმე ნახავს ძაღლების ჩხუბის შემთხვევას, აუცილებლად მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს, ამ სისასტიკის მოყვარულთა 259-ე მუხლით დასჯა. ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს ჩვენი, საზოგადოების გულგრილობის ბრალია“
სოფიო ჯიბუტი, ცხოველთა დამცველი

„ყველას მოვუწოდებ, ვინც სადმე ნახავს ძაღლების ჩხუბის შემთხვევას, აუცილებლად მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს, ამ სისასტიკის მოყვარულთა 259-ე მუხლით დასჯა. ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს ჩვენი, საზოგადოების გულგრილობის ბრალია.“

თავის მხრივ, ფარ-ხმალს არც ძაღლების ჩხუბის ორგანიზატორები და მოყვარულები ყრიან. ბოლო წლებში, მათ რამდენჯერმე ჰქონდათ უშედეგო კომუნიკაცია ცხოველთა დამცველებთან, რათა კონსენსუსის საფუძველზე, არალეგალური და უკანონო სანახაობა, “ახალი დებულებისა და წესების“ შემუშავების შემდეგ, ლეგალურ სპორტულ შეჯიბრად ქცეულიყო.

სასტიკი სანახაობის ორგანიზატორთა აზრით, ერთგული ძაღლის, მაგალითად, კავკასიური ნაგაზის ჩხუბი, აუცილებელია „ჯიშის გადარჩენისა და განვითარებისთვის“. ამ „არგუმენტს“, როგორც ვეტერინარებში, ისე საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიურ კავშირში - „აბსურდულს“ უწოდებენ.

საქართველოში ძაღლების შერკინების ისტორიული ტრადიცია ნამდვილად არსებობდა, საუკუნეების წინ უძველესი ქართული ჯიშის - თართის ერთამენთზე დაჯახება ხდებოდა, ოღონდ, დომინანტი ხვადის გამოსავლენად, შემდგომი შეჯვარების და გამრავლების მიზნით.

არსებული სახით, ძაღლების ჩხუბი კი საქართველოში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებიდან გავრცელდა და ის, არალეგალურად, თბილისში, დიღმის მასივში, „ცხოველების ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა.

XS
SM
MD
LG