ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ელის ცხენშებმულ ეტლებს ნიუ იორკში?


ცხოველთა უფლებადამცველები მეგაპოლისის ამ 150-წლოვანი ტრაციდიული ატრიბუტის გაუქმებას ითხოვენ

ბმული

დილიდან ეტლები 59-ე ქუჩაზე მწკრივდებიან და ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში გასეირნების მსურველებს ელოდებიან. ნახევარსაათიანი ტური საშუალოდ 50 დოლარი ჯდება.

ბიზნესი ცხოველთა დაცვის წესებით რეგულირდება, რომელიც ამინდის გათვალისწინებით მათ სამუშაო საათებს განსაზღვრავს. ცხენებს წელიწადში ერთხელ სოფელში ხუთკვირიანი შვებულება ეკუთვნით. მეეტლე კონორ მაკჰიუ ერთ-ერთი საჯინიბოს თანამენეჯერია.

„ერთადერთი, რასაც ცხენებს ვაკეთებინებთ, პარკში გასეირნებაა. რაიმე განსაკუთრებული უნარების დემონსტრირებას ხომ არ ვითხოვთ? ეს ცხენისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა არ არის და წესით, მისთვის, ცუდი ცხოვრება არ უნდა იყოს“ - ამბობს ის.

ოპონენტები დროდადრო მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ბიზნესი ტრადიციულად ცხოველებისადმი სისასტიკით გამოირჩევა. ცხენები ქალაქის ქუჩებში იტანჯებიან, მაშინ როცა წლის უმეტეს ნაწილს საძოვრებზე უნდა ატარებდნენ.

ქალაქის ახალი მერის, ბილ დე ბლასიოსთვის ეტლების ბიზნესის გაუქმება ერთ-ერთი პრიორიტეტული საარჩევნო დაპირება იყო. „ძალიან სწრაფად და აგრესიულად მივაღწევთ იმას, რომ ცხენშებმული ეტლები ნიუ იორკის ნაწილი აღარ იქნება. ეს არაჰუმანური და 2014 წლისთვის შეუფერებელი რამ არის. მორჩა“ - აცხადებს ქალაქის მერი.

კამპანიას ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის მომღერალი ფინქიც უჭერს მხარს. „რამდენი ამ ცხენს დავინახავ, ცხვირი ლამის წინ მიმავალი ტაქსის საბარგულზე რომ უდევს, სახეზე თვალსაფარი უკეთია და ამ საცობებში, ხმაურში და დაბინძურებულ ქალაქში დადის, გული მიკვდება“ - ამბობს მომღერალი.

იდეას საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია ყავს. „დე ბლასიომ იმედი გამიცრუა, როცა თავლების დასათვალიერებლად არ წამომყვა“ - ამბობს მსახიობი ლიამ ნისონი. ის ეტლების მხარდასაჭერად გადაღებულ ფილმს ახმოვანებს. „თავად ნახეთ საჯინობოები და დარწმუნდებით, თუ ყოველწლიურად რატომ რთავენ მათ ნებას ვეტერინარები“ - ამბობს ის.

კამპანიის მხარდასაჭერად დე ბლასიომ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისგან 50 ათასი დოლარი მიიღო, რათა ქალაქის სუფთა და უსაფრთხო იერსახე დაემკვიდრებინა. მათ შორის კომპანია „ნიუ იორკ კლასის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალი ფილდმანიც იყო. „ქალაქის საბჭოს არჩევნებზე 39 კანდიდატს დავეხმარეთ და აუცილებლად მოვთხოვთ მათ, რომ დადებული პირობა შეასრულონ“ - აცხადებს ის.

ეტლების შეცვლას კომპანია ანტიკვარული მანქანის ფორმის ელექტრომობილებით გეგმავს. ცხენებს კი ისინი სოფლებში, ფერმებზე საცხოვრებლად გააგზავნიან. ცენტრალური პარკის მმართველი ჯგუფი ტერიტორიაზე მანქანების მოძრაობის კატეგორიული წინააღმდეგია. თავად ნიუ იორკელების უმრავლესობასაც ჯერჯერობით ეტლების შენარჩუნება სურს.
XS
SM
MD
LG