ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უპრეცედენტო ოპერაცია თბილისში


ქართველმა ქირურგმა და მისმა გუნდმა რამდენიმე თვის ლომის ბოკვერი, კატო გადაარჩინეს

ემოციურად საკმაოდ მძიმე და პოლიტიკური ინსინუაციებით, სიმულაციებით, თუ პოლიტიკისგან ძალიან შორს მდგარი თინეიჯერული მუშტი-კრივით დატვირთული “არაკოჰაბიტაციური” თებერვლის ცივ დღეებში თბილისს ერთი ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი, კეთილი, თბილი და გულისამაჩუყებელი ამბავი გამორჩა. ისეთი - ბოლოს და ბოლოს ადამიანის და ადამიანობის რწმენას რომ დაგიბრუნებს ქართველს, გაგაძლიერებს, წელში გაგმართავს და თვალებში გამოგახედებს.

სიმბა და ნალა
სიმბა და ნალა
ყველაფერი ცოტა ადრე დაიწყო. თბილისის ზოოპარკში 2012 წლის 9 სექტემბერს ლომებს, სიმბას და ნალას 2 ბოკვერი შეეძინათ, კატო და ნატო. მაშინაც, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ლომის ბოკვერებისთვის თბილისს ნაკლებად ეცალა. ამიტომ, მედიაში ამ სენსაციურ მშობიარობას შესაბამისი გამოხმაურება არ მოჰყოლია. არადა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ზოოპარკში ლომები გამრავლდნენ.

კატო თავიდანვე უცნაურად იქცეოდა, კედლებს ეჯახებოდა და ზოგჯერ სისხლიც სდიოდა. ვეტერინარების მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ზოოპარკის მენეჯერმა, მარინა კურტანიძემ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ეს ამბავი თავისი დედის მკურნალ ექიმებს, ელისო ბრეგვაძეს და მიშა ომიაძეს მოუყვა.

ბმული

გადაირია ბატონი მიშა. აღმოჩნდა, რომ ძალიან უყვარს ცხოველები, გიჟდება მათზე და პირიქით, აქეთ მთხოვა, რომ ოღონდაც მაჩვენე პატარა ლომები და მე თუ რამე შემეძლება ამ ქვეყანაზე, ყველანაირად მოგეხმარებითო“ - ამბობს მარინა.

მიშა ომიაძე და კატო
მიშა ომიაძე და კატო
მისი თქმით, ეს სახელგანთქმული ქირურგი, რომელიც თვეში 80-ზე მეტ ოპერაციას აკეთებს და უზომოდ დაკავებულია, მასთან ზოოპარკში მივიდა, გასინჯა ბოკვერი, ეთამაშა. შემდეგ კატო საავადმყოფოში წაიყვანა დამატებით ანალიზებზე, რომ რაც შეიძლება ზუსტი დიაგნოზი დაესვა. სახლში გამატანეთო, მარინასთვის უთხოვია, რომ კარგად დავაკვირდეო და ერთი დღე და ღამე თავისთან ყოლია.

როგორც აღმოჩნდა, კატოს ორივე თვალზე თანდაყოლილი კატარაქტა ჰქონდა და მხედველობის აღსადგენად ოპერაცია ესაჭიროებოდა. ამის შემდეგ მიშამ თითქმის ორი თვე მოანდომა კვლევას და დაზუსტებას, თუ როგორ შეიძლებოდა ცხოველებზე ოპერაციის გაკეთება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიურ შემთხვევას ვერ მიაკვლია. თვითონ დისერტაციაზე კურდღლებზე დაკვირვების გარდა, ცხოველებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა და ამიტომ ძალიან ინერვიულა. ყველაფერთან ერთად მდგომარეობას ბოკვერის ასაკიც ართულებდა. როგორც ვეტერინარებისგან შეიტყო, ბროლის გადანერგვა ლომებში, ზუსტად ისე, როგორც ბავშვებში, 2 წლამდე არ შეიძლებოდა, კატო კი მხოლოდ 3 თვის იყო.

ამიტომ გადაწყდა, რომ ოპერაცია გაგვეკეთებინა ბროლის გადანერგვის გარეშე, უბრალოდ ბროლი ამოგვეღო, რომ სინათლის სხივები შესულიყო თვალში და ახლოს მაინც დაენახა ბოკვერს კარგად. იმიტომ, რომ ეს ბოკვერი თავს არტყამდა და ცხვირს კედლებს, ორიენტაცია არ ქონდა და სულ სისხლი მოსდიოდა ორბიტის ნაწილებიდან და თავიდან, მრავლობითი ტრავმის გამო“ - ყვება ექიმი.

მოკლედ, ვინ იცის, რით დამთავრდებოდა პატარა კატოს ისტორია, რომ არა თბილისის „ნიუ ჰოსპიტლის“ კეთილი და გულისხმიერი ექიმები და მენეჯერები. ოპერაცია მიშა ომიაძემ და მისმა გუნდმა სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ ჩაატარეს. სამედიცინო აპარატურით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა საავადმყოფომ თავის თავზე აიღო. ზოოპარკში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა, საქართველოსთვის სრულიად უპრეცედენტო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, კატოს თვალი აეხილა და დღეს ის უხიფათოდ გადაადგილდება.

ასეთი უცნაური სიხარულის და პროფესიული სიამაყის განცდა მარტო ორჯერ მქონდა ცხოვრებაში, ერთხელ, როცა სრულიად ახალგაზრდამ პირველად გავაკეთე ოპერაცია და მეორედ - ახლა, კატოს ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგო - გვეუბნება მიშა და ამ ემოციაზე მისი ბედნიერი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ფოტოებიდანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არაჩვეულებრივად მეტყველებს.

ოპერაციის შემდეგ ყოველდღე აკითხავს კატოს. საჭმელი მიაქვს, ეთამაშება. ორი წლის რომ გახდება, კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაუკეთოს, ბროლის ჩასმა დასჭირდება. „ხვალაც უნდა დავხედო. არ იცი, როგორ გაუხარდათ და-ძმას კატოს დაბრუნება, გაგიჟდებოდი, რომ გენახაო“. ახლახან, 9 თებერვალს სიმბას და ნალას კიდევ 3 ბოკვერი შეეძინა.

რამდენიმე შტრიხი ჩვენი კეთილი ქირურგის პორტრეტისთვის: თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 4-წლიანი რეზიდენტურა გაიარა იმ დროისთვის ყველაზე მოწინავე, რუსეთში მდებარე ფიოდოროვის თვალის კლინიკაში. კვალიფიკაცია აიმაღლა გერმანიაში და შეერთებულ შტატებში. გარდა იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი იშვიათი მაღალკვალიფიციური და სანდო სპეციალისტია, არის კარგი მოთხილამურე, ორივე - წყლის და თოვლის და ერთ-ერთი პირველი სერფერი საქართველოში.

იმ დღეს, როცა ინტერვიუ ჩამოვართვით, მიშა უბედნიერესი მამა იყო. მისმა უფროსმა შვილმა, რეზომ, შეერთებული შტატებიდან დარეკა. რეზიდენტურის ურთულეს გამოცდაში 100-დან 99 ქულა მიუღია. ასე რომ, ისეთი პირი უჩანს, ომიაძეების ოჯახში საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული ექიმი ეზრდება.

ფოტოგალერეა:

XS
SM
MD
LG