“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთში მათი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 27 აგვისტოს ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მონიტორინგის სამსახურმა ეს ნოტა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში გაუგზავნა.
„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად, ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
„თი-ბი-სის“ დამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და შეისწავლონ ის ბრალდებები, რომლებიც მათ მიმართაა წარმოდგენილი.
დღესვე, სასამართლოს გaდაწყვეტილებით, 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, სამაუწყებლო კომპანია "ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას. საგამოძიებო უწყება წერეთელს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის "იმ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას" სდებს ბრალად, რომელსაც უწყების განმარტებით, "განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება" მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტომ "ინტერპრესნიუსი" კომენტარი სთხოვა სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს ვალერიან ხასაშვილს. „უკაცრავად, ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ჯერ ერთი კონფიდენციალურია ყველანაირი ინფორმაცია, მეორე - სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ვალერიან ხასაშვილმა.
"თიბისი ბანკის" მიმართ საგამოძიებო ქმედებების შესახებ საზოგადოებამ 2018 წლის აგვისტოში შეიწყო, როცა პროკურატურამ 10 წლის წინანდელი, 2008 წლის აპრილ-მაისის 17 მილიონიანი საბანკო ტრანზაქცია საეჭვოდ მიიჩნია და საქმე ფულის გათეთრების მუხლით აღძრა. ფართო საზოგადოებისთვის, "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ, მხოლოდ 2019 წლის 8 იანვარს გახდა ცნობილი, როცა გამომძიებლებმა ბანკიდან დოკუმენტაცია ამოიღეს. ერთი თვის წინ, გენერალურმა პროკურატურამ ბანკის დამფუძნებლებს ჯგუფურად, 16 754 000 $ ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
Facebook Forum