24 ივლისს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულის მხარემ გაასაჯაროვა, დიდი ოდენობით არაკანონიერი შემოავლის ლეგალიზებას გულისხმობს. პროკურატურის მტკიცებით, ამ ფაქტს თან ახლდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)," ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ეს ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და სერიოზულ ზიანს აყენებს ბანკს, ამ პროექტს, ბანკის აქციონერებს და მთელი ქვეყნის იმიჯს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო ანაკლიის პროექტთან და ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობის გადაწყვეტილების გეგმებთან.
ჯონათან კაცი, "გერმანიის მარშალის ფონდის" ექსპერტი ვაშინგტონში, რომელიც საქართველოს საკითხებს სწავლობს “ამერიკის ხმასთან” გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ "ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის, მისი მომავლისთვის, ისევე, როგორც ჩართულობის შესანარჩუნებლასდ ევროპასა და აშშ-სთან."
ექსპერტის შეფასებით, "ეს კონკრეტული საქმე ["თიბისი ბანკის" მონაწილეობით] და ანაკლიის პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიტიკურ მოტივაციას არ უნდა შეიცავდეს და ამაზე პასუხისმგებელი ქართველი ოფიციალური პირები უნდა იყვნენ." მედიისა და საზოგადოების მოვალეობა კი, მისი თქმით, საკითხის ჯეროვნად განხილვა უნდა იყოს.
ამასთან, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარის განცხადებით, ნებისმიერი კორუფციული სქემის გამოსავლენად სამართლებრივი პროცესის განვითარებას უნდა დაველოდოთ. ეს ფაქტი "ქართულ სასამართლოზეა დამოკიდებული, რომლის დამოუკიდებლობას დასავლეთი აკვირდება" აცხადებს ჯონათან კაცი. მისი შეფასებით, ამ პროცესის სწორედ სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა საქართველოს იმიჯს, ქვეყანაში ბიზნესისადმი კარგად განწყობილ კლიმატს და ინვესტორების მეტ ნდობას განაპირობებს.
აშშ-ის ელჩის მოადგილის ელიზაბედ რუდის ცოტახნისწინანდელი განცხადებით, ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტია:
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც სავაჭრო, ლოგისტიკური და ბიზნესს ცენტრებისთვის. ასევე ის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს გაგრძელდება,“ აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.
შეტევა "თიბისი ბანკზე" 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა პროკურატურამ 10 წლის წინანდელი, 2008 წლის აპრილ-მაისის 17 მილიონიანი საბანკო ტრანზაქცია საეჭვოდ მიიჩნია და საქმე ფულის გათეთრების მუხლით აღძრა. ფართო საზოგადოებისთვის, თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ, მხოლოდ 2019 წლის 8 იანვარს გახდა ცნობილი, როცა გამომძიებლებმა ბანკიდან დოკუმენტაცია ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2019 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა.
საჯარო განცხადების გაკეთებისას, პომპეომ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს ახლო სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი ამერიკის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მანვე ისაუბრა პოლიტიკოსების მხრიდან დაპირებების შესრულების აუცილებლობაზე და ისეთ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე, როგორიცაა ანაკლიის პორტი და რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე.
Facebook Forum