ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Human Rights Watch: მსოფლიო პოპულისტ ლიდერებს უნდა დაუპირისპირდეს


საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გასულ წელს მსოფლიოში ადამიანთა უფლებების მდგომარეობას აფასებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ებრძოლონ „ავტორიტარულ პოპულისტურ დღის წესრიგს“.

„გასულმა წელმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საპასუხო ქმედებები იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც მათი დემაგოგური და შეურაცხმყოფელი პოლიტიკა იწვევს“, აცხადებს კენეთ როთი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით ქვეყანაში ყველაზე მთავარი გამოწვევები შემდეგ საკითხებს უკავშირდება: დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე მიღებული საკონტიტუციო რეფორმა; ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა; ასევე პრობლემური იყო მედიის თავისუფლება, შრომითი უფლებები, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

ანგარიშში გამოყოფილია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტიც და ნათქვამია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შეთითხნილი იყო. საქართველოს შესაბამისი სამსახურის რამდენიმე მაღალჩინოსანს კი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ მაღალი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის შემდეგ შეუჩერდა.

კენეთ როთი ამბობს, რომ ავტორიტარი ლიდერები ცდილობენ „დემოკრატიის ჩანაცვლებას“. ისინი დემოკრატიულად არჩეული და კანონის უზენაესობის პრინციპებით მოქმედი მთავრობებისთვის ზიანის მიყენებას იმ ინტერპრეტაციებით ცდილობენ, რომლის თანახმადაც, მათი მოწოდებები უმრავლესობის ხმას გამოხატავს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთი ამგვარი პოპულიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის კარგი მაგალითია, რადგან იქ ლიბერალმა, პრო-ევროპულმა ლიდერმა ემანუელ მაკრონმა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი არჩევნებში დაამარცხა.

ანგარიში პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებსაც აფასებს და ნათქვამია, რომ ის „ანტისაიმიგრაციო, რასობრივი ნიშნით განმასხვავებელ პოლიტიკას ატარებს, თუმცა მას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, იურისტები, მოსამართლეები და მისივე პარტიის არჩეული წევრები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG