წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტის თაობაზე ანგარიშს აქვეყნებენ. ისინი პრეზიდენტს, მისი ვაჟის - ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობის მხარდასაჭერად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, რესპუბლიკელები პრეზიდენტს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალს არ სდებენ, თუმცა ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში იმეორებს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ბაიდენის ოჯახი თავისი გვარის "ბრენდს" კორუფციული გზით იყენებდა.
ორშაბათს ჩიკაგოში დემოკრატთა ეროვნული კონვენცია დაიწყო, სადაც საპრეზიდენტო ნომინაცია, ოფიციალურად, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უნდა მიიღოს, რადგან პრეზიდენტი ბაიდენი მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის.
ამ პოლიტიკურ რეალობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ეწევა რესპუბლიკელი კანონმდებლების დასკვნებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტს მათივე რიგებშიც არ აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა, დემოკრატების მიერ მართული სენატის მიერ კი (დემოკრატებისა და დამოუკიდებელი კანონმდებლების ერთობლივი უმრავლესობით), პრეზიდენტისთვის იმპიჩმენთის გამოცხადება კიდევ უფრო რთულად წარმოსადგენია. ზოგიერთი რესპუბლიკელის აზრით, ახლა მეტი ყურადღება ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს უნდა დაეთმოს.
თეთრი სახლი რესპუბლიკელი კანონმდებლების ბრალდებებს უარყოფს და მოუწოდებს, გასცდნენ ამ საკითხის განხილვას.