შეერთებულ შტატებში 2023 წელს მკვლელობის შემთხვევები 13%-ზე მეტით შემცირდა. მონაცემები ამ კვირაში "გამოძიების ფედერალურმა ბიურომ" (FBI) გამოაქვეყნა. კოროვირუსის პანდემიის დროს მკვეთრი ზრდის შემდეგ მკვლელობათა რიცხვი მეორე წელიწადია მცირდება.
უმსხვილეს ქალაქებში - 1 მილიონზე მეტი მოსახლეობით - მკვლელობები 20%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო ძალადობრივმა დანაშაულმა ამ ქალაქებში 10%-ზე მეტით იკლო. "გამოძიების ფედერალური ბიურო" მონაცემებს პოლიციის ათასობით განყოფილებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კრებს.
ქვეყნის მასშტაბით კლება ვრცელდება მკვლელობების მიღმა ძალადობრივ და ქონებრივი დანაშაულის პრაქტიკულად ყველა კატეგორიაზე, მათ შორის გაუპატიურებაზე, თავდასხმასა და ძარცვაზე.
ერთადერთი კატეგორია, რომელიც 2023 წელს გაიზარდა, იყო ავტომობილების ქურდობა. ამ დანაშაულმა თითქმის 11%-ით იმატა.
მონაცემები ეწინააღმდეგება გავრცელებულ შეფასებას იმის თაობაზე, რომ კრიმინალური ვითარება უარესდება. ნოემბერში "გალოპის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების თითქმის ორი მესამედი კრიმინალურ მდგომარეობას მიიჩნევს, როგორც "უკიდურესად" ან "ძალიან სერიოზულს", ხოლო ამერიკელების სამ მეოთხედზე მეტს სჯერა, რომ დანაშაულის რაოდენობა იზრდება.
რესპუბლიკელები, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, აკრიტიკებენ დემოკრატებს, და მათ დანაშაულის მიმართ "ლმობიერებაში" ადანაშაულებენ. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა დანაშაულის შემცირებულ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის შემცირების სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი თქმით დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბანდებისა და განმეორებითი დამნაშავეების მიზანმიმართულ დევნაზე, უკანონო იარაღის ჩამორთმევაზე და მიზნად ისახავს მეტი ოფიცრის დაქირავებას.
FBI-ის ძველი მონაცემები აჩვენებს, რომ მკვლელობები 2020 წელს თითქმის 30%-ით გაიზარდა და მაშინ ორი ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია.