ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ლიდერის სახე: ფრანსუა ოლანდი


57 წლის ფრანსუა ოლანდს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე საფრანგეთის ეროვნულ მთავრობაში თანამდებობა არ სჭერია, მიუხედავად იმისა, რომ ის საფრანგეთში კარგად ცნობილი პოლიტიკოსია.

პარიზში დაფუძნებული საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი დომინიკ მოისი აცხადებს, რომ ოლანდი საფრანგეთის პოლიტიკაში უკვე 30 წელია ფიგურირებს.

„მან ელიტარული უნივერსიტეტი ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა დაამთავრა. შემდეგ პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის კაბინეტში მსახურობდა. შემდეგ სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა და ამ თანამდებობაზე 11 წელი მუშაობის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. მას დომინიკ სტრაუს კანთან დაკავშირებული სკანდალი ძალიან დაეხმარა და ამასთან, სოციალისტური პარტიიდან მისი ოპონენტი პრაიმერების დროს ადვილად დაამარცხა.“

ოლანდის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა, საწვავზე ფასების გაყინვა, სახელმწიფო შემწეობის თანხების გაზრდა და 60 ათასი მასწავლებლის სამსახურში აყვანაა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოლანდის დევიზმა - „ჩემი მტერი ფინანსური სამყაროა“ - ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში განსაკუთრებით ლონდონში, შეშფოთება გამოიწვია.

ბრუნო კოტრე პარიზში დაფუძნებული პოლიტიკური კვლევების ცენტრში საარჩევნო ექსპერტია. მისი თმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოლანდი ლონდონში ჩავიდა და განაცხადა, რომ ის საშიში არ არის.

„მას უნდოდა ეთქვა, რომ ის არ აპირებს იყოს მარქსისტი, არ აპირებს იყოს ფარული კომუნისტი, და არ მოახდენს ბიზნესების ნაციონალიზაციას. ამ განცხადებით მან სცადა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დაერწმუნებინა იმაში, რომ შეიძლება ის სოციალისტი იყოს, მაგრამ ამით საფრანგეთი არ შეიცვლება.“

ჩარლზ კაპჩანი ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ევროპის ექსპერტია. მისი თქმით, ოლანდს კიდევ ერთი სადავო თემა უკავშირდება:

„მას ახლახან დადებული ფინანსური ხელშეკრულების პირობების გადახედვა სურს. ხელშეკრულება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის ინიციატივით დაიდო და მისი მიზანი ევროს სტაბილიზება იყო. ოლანდს მოლაპარეკებების ხელახლა წარმოება იმისთვის სურს, რომ ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად ხელშეკრულებაში ახლა არსებული პირობის ნაცვლად, რომელიც ევროკავშირის ქვეყებში სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას ითხოვს, მასტიმულირებელი პაკეტების გამოყოფა ჩადოს. ამ გადაწყვეტილებით ოლანდი მხარდაჭერის მოპოვებას იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და პორტუგალიიდან შეეცდება, ხოლო ბერლინთან კი ურთიერთობა დაეძაბება.“

კაპჩანის თქმით, სარკოზისა და ოლანდს შორის საგარეო პოლიტიკაში სხვა განსხვავებებიც არსებობს:

„ოლანდის მიერ წამოჭრილი ორი საკითხი, რომელმაც ვაშინგტონში შეშფოთება გამოიწვია იყო ის, რომ ის ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების გეგმაზე ადრე გაყვანას აპირებს. სარკოზი ავღანეთიდან გასვლას 2013 წელს გეგმავდა, ნატო 2014 წელს გავა ოლანდი კი ამას 2012 წლის ბოლომდე აპირებს. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თავიდან უნდა გადაიხედოს სარკოზის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საფრანგეთი ნატოში დაბრუნდა.“

დომინიკ მოისი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოლანდი სარკოზის მიერ და შემუშავებულ პოლიტიკას ნატოს მიმართ არ შეცლვის თუმცა:

„ის ეცდება სარკოზისთან შედარებით ნაკლებად პრო-ამერიკული იყოს. ასევე ეცდება შეამციროს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ. მაგრამ მისთვის ლავირების საშუალება იმდენად შეზღუდულია, რომ ძნელი წარმოსადგენია ოლანდის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ნიკოლა სარკოზის პოლიტიკისგან.“

მოისი ვაშინგტონსა და პარიზს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელის.

XS
SM
MD
LG