ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდის პირველი ოფიციალური შეხვედრა მერკელთან


ევროპის ლიდერების მთავარი საზრუნავი ფინანსური კრიზისია

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ბერლინს ეწვია, სადაც გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ევროზონის ქვეყნებში შექმნილ კრიზისს განიხილავს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი ორი ლიდერის შეხვედრას ლონდონიდან აკვირდება.

ფრანსუა ოლანდის პოპულარობა და შესაბამისად არჩევნებში გამარჯვება განაპირობა მისმა პროგრამამ, რომელიც ევროზონის ლიდერთა ანტიკრიზისულ პოლიტიკას ეფუძნებოდა. ამდენად, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ გერმანიაში გამგზავრება და ევროპის ანტიკრიზისული პოლიტიკის არქიტექტორთან ანგელა მერკელთან შეხვედრა გასაკვირი არ უნდა იყოს. მერკელი გერმანიის და საფრანგეთის თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობა ევროპისთვის გადამწყვეტია. რამდენადაც გვსურს, რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს, ეს თანამშრომლობა ძალიან მალე უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა მერკელმა.

ფრანსუა ოლანდს ევროპის ეკონომიკის ზრდაში მეტი ინვესტიციის ჩადება სურს. ის საარჩევნო კამპანიის დროს მხარს უჭერდა ევრობონდების გამოშვებას და ევროპის ცენტრალური ბანკის როლის გაძლიერებას. ეს კი გერმანიის ლიდერთან უთანხმოებას წარმოქმნის, ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის ანალიტიკოსი ფილიპ მორო.

„როგორც ჩანს ანგელა მერკელი ფრანსუა ოლანდის ხედვას მხარს არ დაუჭერს. ქალბატონი მერკელი ამბობს, რომ ჩვენ ჯანსაღი და საჯაროდ გამჭვირვალე ფინანური გარემო უნდა დავამკვიდროთ და ვალის პრობლემა ამ გზით დავძლიოთ. ალბათ, ის აზრს არ შეიცვლის,“ - ამბობს ფილიპ მორო.

საფრანგეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის სარკოზის ბედი სწორედ ანტიკრიზისული გეგმის მხარდაჭერამ განსაზღვრა და შესაბამისად ეს მისი დამარცხების საფუძველი იყო. მისი მემკვიდრე არჩევა კი სწორედ ანტიკრიზისული ღონისძიებების კრიტიკამ განაპირობა. ევროპის ანალიტიკური ჯგუფის, პოლიტიკის ქსელის დირექტორი ოლაფ კრეიმი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ფრანსუა ოლანდის აქილევსის ქუსლი.

„ოლანდს ძალიან ძლიერი დემოკრატიული მანდატი აქვს, თუმცა მისი ეკონომიკური მანდატი ძალიან სუსტია. საფრანგეთს ძალიან ბევრი ეკონომიური პრობლემა აქვს, მათ შორის გადახდების ამჟამინდელი ბალანსი ყველაზე შემაშფოთებელია, ასევე საბიუჯეტო დეფიციტი, უმუშევრობა და ა.შ.,“ - აცხადებს ოლაფ კრეიმი.

საშინაო პრობლემები აქვს ანგელა მერკელსაც, რაც კვირას ყველაზე ხალხმრავალ მხარეში ჩატარებულმა არჩევნებმაც დაადასტურა. საყოველთაო არჩევნებამდე კი 18 თვეა დარჩენილი. საბერძნეთში მოსალოდნელი მღელვარება კი ბერლინის და ევროზონის სხვა ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. ბერძნული პოლიტიკური ძალები მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ამ პროცესში გამორიცხული არ არის, რომ მათ უარი თქვან ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე, რომელიც საბიუჯეტო დანახაჯების შეკვეცას გულისხმობს. შესაბამისად, იზრდება იმის ალბათობა, რომ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს და ერთიან ევროპულ ვალუტაზე უარს იტყვის. ევროზონის ლიდერები უკვე ფიქრობენ საპასუხო ნაბიჯებზე. შესაბამისად, ბერძნული საკითხი მერკელი-ოლანდის დღის წესრიგის ერთერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა აუცილებლად სწრაფად უნდა დაძლიონ მათ შორის არსებული უთანხმოება, რადგან სასწორზე ევროს მომავალი დევს.

XS
SM
MD
LG