ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ექსპერტები და გამოცდილი პოლიტიკოსები განიხილავენ, თუ როგორი იქნება რეალობა როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ.
ამჯერად, "ატლანტიკურ საბჭოში" ყოფილი სახელმწიფო მდივანი, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი 2016 წელს და ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი მიიწვიეს. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს, მისი აზრით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში.
ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ნატოს მნიშვნელობაზე საუბრის დროს, ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა და მეზობელ ქვეყნებს თავს ესხმის. ამის გამო, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ მისი შემაკავებელი ბერკეტები უნდა არსებობდეს.
"ჩვენ [ამერიკას] ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი [ტრანს] ატლანტიკურ ალიანსში, რათა თავიდან ავაშენოთ დემოკრატიის საფუძვლები, რომლებზეც ჩვენი ერი და საერთაშორისო ურთიერთობები დგას", თქვა ჰილარი კლინტონმა.
რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრის დროს, მან საქართველოს მაგალითი ახსენა და თქვა, რომ ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს და უნდა გააძლიეროს მისი მოკავშირეები:
"რა თქმა უნდა, ისევ მჯერა, რომ წარმოუდგენლად დიდია ნატოს როლი. აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან ვნახეთ საქართველოსა და უკრაინაში, აქტივობები, რომლებიც ვნახეთ ბელარუსში და საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის დემოკრატიას ბალტიისპირეთსა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში, გვაჩვენებს, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს ევროპას, ამერიკას და კანადას ერთად გასაკეთებელი, რათა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატი მოკავშირეები და კარგად გავიაზროთ თუ სად არ გამოგვივიდა საქმე", თქვა კლინტონმა.
რუსეთზე საუბრის დროს კლინტონმა რუსეთის მხრიდან 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ჩარევაც გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკის ბოლო სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ისევ ცდილობს ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. კლინტონი თვლის, რომ პუტინის რეჟიმი და კრემლი, ამერიკისთვის და ამერიკის დემოკრატიისთვის ისევე, როგორც სხვა ქვეყნების დემოკრატიისთვის, მიმდინარე საფრთხეა.
ჰილარი კლინტონის თქმით, ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა ყველაზე დიდხნას გაძლო და ყველაზე ეფექტური იყო იმ ალიანსებსა და კავშირებს შორის, რომლებიც ამერიკას ისტორიულად ჰქონია. ყოფილი სახელმწიფო მდივნის აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ალიანსი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშნულიცაა: "დიახ, ტრანსატლანტიკური ალიანსი უნდა დარჩეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ საყრდენად", თქვა თავისი გამოსვლის ბოლოს ჰილარი კლინტონმა.
Facebook Forum