დიდი სამხედრო ძალა პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს -- ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი აგვისტოს ომს. ამჟამად ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.
გენერალ ბრიდლოვთან სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ „ამერიკის ხმის“ ყოვლკვირეულ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან,“ შაბათს, 15 აგვისტოს, „ტვ პირველის ეთერში,“ საღამოს 5:30-ზე.
ყოფილი მთავარსარდალი რუსეთის მიერ, ეგრეთწოდებული, “ჯიბის ვეტოს” გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.
„დიდმა სამხედრო ძალამ საკუთარი შეიარაღებული ძალები გამოიყენა იმისთვის, რომ ევრაზიაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები შეეცვალა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ქვეყნის საზღვარი და მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ეს ფუნდამენტური გარდატეხა იყო. სამწუხაროდ ბევრმა ვერ დაინახა რა მოხდა საქართველოში და რეალურად რა იყოს რუსეთის ზრახვები მანამ, სანამ რუსეთმა ყირიმსა და დონბასში საერთაშორისო საზღვრები ჯარით კიდევ ერთხელ არ გადაკვეთა,“ უთხრა გენერალმა ბრიდლოვმა „ამერიკის ხმას.“
შეკითხვაზე, შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, ოთხვარსვლავიანი გენერალი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში ქვეყნის დასავლური სწრაფვების შესაჩერებლად შეიჭრა. „ყოვლთვის, როდესაც რუსეთის მეზობელი ქვეყნები ფიქრობენ დასავლეთთან დაახლოებას, საკუთარი ეკონომიკების დასავლეთთან შერწყმას, დასავლური სამხედრო შესაძლებლობების შემუშავებას და ამბობენ, რომ ნატოში ან ევროკავშირში სურთ გაწევრიანება, რუსეთი ერთ ბერკეტს იყენებს. ჩვენ ამას ხშირად “რუსეთის ვეტოს” ვუწოდებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში იჭრება და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას ახდენს. ზოგიერთი ამას რუსეთის “ჯიბის ვეტოსაც” უწოდებს. მე ამ ტერმინს არ ვიყენებ. რუსეთს საქართველოს დასავლეთის ნაწილად ქცევის პრევენცია სჭირდებოდა.“
გენერალი ბრიდლოვი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ავღანეთში ნატოს მისიისთვის იმდენი არც ერთ ქვეყანას არ გაუღია, რამდენიც საქართველომ გაიღო. ის ასევე დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას აგრძელებს, ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველომ „ფინიშის ხაზი“ გადაკვეთა.
Facebook Forum