დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა 2024 წლის არჩევნებში მარცხი აღიარა. ჰარისი ვაშინგტონში ჰოვარდის უნივერსიტეტში ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს დღის ბოლოს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა.
„ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც ჩვენ ვმარცხდებით არჩევნებში, ჩვენ ამ შედეგს ვაღიარებთ. ეს განასხვავებს დემოკრატიას მონარქიისგან ან ტირანიისგან“,- თქვა კამალა ჰარისმა გამოსვლის დროს და აღნიშნა, რომ მან უკვე მიულოცა გამარჯვება დონალდ ტრამპს.
„მე დღეს დილით ტელეფონით ვესაუბრე დონალდ ტრამპს და მივულოცე მას არჩევნებში გამარჯვება“,- თქვა კამალა ჰარისმა და აღნიშნა, რომ მისი გული სავსეა ემოციით, მადლიერებით, რომელიც მას მისმა მხარდამჭერებმა 107-დღიან საარჩევნო კამპანიაში გაუზიარეს.
„ მე ძალიან ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ. ვამაყობ იმით, როგორი იყო ეს გზა 107 დღის განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად ვაშენებდით საზოგადოებას, კოალიციებს. ჩვენ გვაერთიანებდა თავისუფლება, ქვეყნის სიყვარული. არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა,“- თქვა კამალა ჰარისმა.
ვიცე-პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ტიმ უოლცს, რომელიც ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
„ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვინდოდა, შედეგი რომლისთვისაც ვიბრძოდით, არ არის ის, რისთვისაც ხმა მივეცით. მაგრამ ჩვენ ეს შედეგი უნდა მივიღოთ. არასდროს დანებდეთ,“- თქვა ჰარისმა.
ჰოვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა ტიმ უოლციც, თუმცა მას სცენიდან მხარდაჭერებისთვის არ მიუმართავს.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. მას საარჩევნო კოლეგიაში 292 ხმა აქვს, გამარჯვებისთვის კი 270 ხმა იყო საჭირო.
ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს დადებს და ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება. დონალდ ტრამპს გამარჯვება უკვე მიულოცა ჯო ბაიდენმა. ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლშიც მიიწვია. ბაიდენი 7 ნოემბერს გეგმავს, ამერიკის მოქალაქეებს მიმართოს.
Facebook Forum