ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისი, არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა


ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვეტერანების დღის აღსანიშნად, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ეს დემოკრატი ლიდერების პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ამომრჩევლისადმი მიმართვისას, კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, ჯო ბაიდენმა კი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო.

არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

დემოკრატების ნაწილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შედეგების მიზეზების ახსნას ცდილობს. ნაწილი პრეზიდენტს ადანაშაულებს, რომ მან მეორე ვადით კენჭისყრა მაინც სცადა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პირობა დადო, მხოლოდ გარდამავალი ეტაპის პრეზიდენტი იქნებოდა. კრიტიკა ნაკლებად ისმის თავად ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, კამალა ჰარისი არაერთხელ შეაქო პრეზიდენტმა ბაიდენმაც, გასულ კვირას, ერისადმი მიმართვაშიც.

ორშაბათს დილით, ჯო ბაიდენმა ვეტერანებს თეთრ სახლში უმასპინძლა, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე წავიდა. იქ შეერთებული შტატების ორი პრეზიდენტია დაკრძალული, ასევე ამერიკის მონაწილეობით სხვადასხვა ომში დაღუპული სხვადასხვა რანგის სამხედროები.

ოთხშაბათს, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უნდა უმასპინძლოს. არჩეული პრეზიდენტი თავისი გუნდის წევრების დასახელებას განაგრძობს. მან იმიგრაციის საკითხების მიმართულებით, ხელმძღვანელად ტომ ჰომანი დაასახელა, კონგრესმენი ელის სტეფანიკი გაეროში ამერიკის ელჩად წარადგინა.

XS
SM
MD
LG