ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი ეკონომიკის სტაბილიზაციას ცდილობს


კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკება გრძელდება

ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ქვეყანა ახალ კოალიციურ მთავრობას ქმნის. საბერძნეთში უკანასკნელ 6 კვირაში უკვე მეორე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ელექტორატის მთავარი ნდობა ბოლო არჩევნებზე ისეთმა პარტიებმა მოიპოვეს, რომლებიც ევროკავშირის მიერ ფინანსური სტიმულირების პაკეტის მიღებას და ევროზონის წევრობას უჭერენ მხარს. თუმცა, მათ ხმების საკმარისი რაოდენობა მაინც ვერ დააგროვეს, რათა ახალ მთავრობაში ძლიერი უმრავლესობა ჩამოაყალიბონ. შესაბამისად ბერძნულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ მძლავრობს განწყობები, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური სტიმულირების პაკეტის მიღების სანაცვლოდ წაყენებული პირობების გადახედვას მოითხოვს.

ბერძენი პოლიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან მიაჩნიათ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკება მალე მოხდება. ახლა მთავარი განხილვის საგანი ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის აუცილებელი ნაბიჯებია. ბერძენი კანონმდებელი, ოლგა კეფალოგიანი ამბობს, რომ უამრავ პარტიას შორის მთავარი კონსენსუსი მიღწეულია. ყველა თანხმდება იმაზე, რომ 168-მილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტის პირობები ძალზე მკაცრია.

„ჩვენი პარტნიორები უნდა მიხვდნენ, რომ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ. გასაგებია, რომ რეფორმები აუცილებელია, მაგრამ არსებული პირობებით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ეს ყოველივე საბერძნეთს მხოლოდ რეცესიის უმკაცრეს ციკლში ყოფნას გაუხანგრძლივებს“ - აღნიშნავს ის.

საბერძნეთი უკვე 5 წელიწადია, რაც ეკონომიკური რეცესიის ფაზაში იმყოფება. სპეციალისტების აზრით ეს უკვე ღრმა დეპრესიას ნიშნავს. ეკონომისტ იანის ვაროფაკისის თქმით, უკვე ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელიც ორ ფინანსურ სტიმულირების პაკეტს მოჰყვა, საბერძნეთის ეკონომიკას შველის ნაცვლად კიდევ უფრო აკაბალებს.

„უკანასკნელი მოთხოვნები დრომ და ეკონომიკურმა რეალობამ უკვე გამოსცადა. არ გამართლდა არცერთი წინასწარმეტყველება და ჰიპოთეზა, რომელსაც ისინი ეფუძნებოდნენ“ - აცხადებს ბატონი ვაროფაკისი.

ოთხი ქვეყნისთვის გაცემული ძვირადღირებული პაკეტების მიუხედავად საკრედიტო განაკვეთი ევროზონის ქვეყნების უმრავლესობაში მაინც იზრდება. განსაკუთრებული არამდგრადობით იტალია და ესპანეთი გამოირჩევა. ვაროფაკისი მიიჩნევს, რომ რეგიონალური კრიზისისადმი ერთიანი, ზრდაზე დამყარებული მიდგომის გარეშე ეს ყოველივე საბოლოო ჯამში მაინც საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის დასაწყისი გახდება.

„სასწრაფოდ თუ არ ვიმოქმედეთ, ევროზონა საუბრის თემადაც აღარ დარჩება“ - აცხადებს ის.

ევროკავშირის ოფიციალური პირები პირად საუბრებში მსგავს მოსაზრებებს ემხრობიან. ერთ-ერთი მათგანის თვითერის მესიჯში ნათქვამია, რომ საბერძნეთზე ძველი მოთხოვნების კვლავ თავზე მოხვევა „სულელური ნაბიჯი იქნებოდა“.

საინვესტიციო ფონდების მმართველი, ჯასტინ სტიუარტი ამბობს, რომ საბერძნეთის ახალ მთავრობას მოლაპარაკებისთვის საკმაოდ ლიმიტირებული სივრცე აქვს.

„საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნების გადახედვის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. მას არ შესწევს უნარი, უფლება არ აქვს ასე არ მოიქცეს. თუმცა, მოქმედების არეალი და არჩევანიც საკმაოდ შეზღუდული აქვს. ვფიქრობ, რომ მთავარი ელემენტები მაინც შეუცვლელად შენარჩუნდება“ - აღნიშნავს ის.

ბევრი რამ ისევ გერმანიაზე იქნება დამოკიდებული. ბლოკის ყველაზე დიდი ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანას პასუხისმგებლობაც მეტი ეკისრება. გერმანია დათმობაზე წავიდა და მექსიკაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე აღნიშნა, რომ ის მზად არის დავალიანების გადახდის ვადებს გადახედოს. ამასთან ერთად ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მკაცრად განაცხადა, რომ შეთანხმების მთავარი პუნქტები შეუცვლელი დარჩება.
XS
SM
MD
LG