„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკურებით კი მეორე ტური, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. საქართველოს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს ამ გზაზე უკანსვლის, რადგან გვაქვს მუდმივი საფრთხე რუსეთისგან, რომელიც ყველა ასეთ მაგალითს გამოიყენებს და უფრო მეტად პრობლემურს გახდის“, - ამბობს მიხეილ ბენიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციამ გასულ კვირას ვაშინგტონში შეხვედრები გამართა. “გერმანიის მარშალის ფონდში” შემდგარ ერთ-ერთ დისკუსიაზე ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ამერიკელ ანალიტიკოსებთან და რეგიონის მკვლევარებთან ერთად ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
რუსული ოკუპაცია, ძალაუფლების კონსოლიდაცია მმართველი პარტიის ხელში, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი, პერსონიფიცირებული თავდასხმები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, არაფორმალური მმართველობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები - დისკუსიის ფარგლებში ამ და სხვა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო და ის რისკები, რომელიც დღეს საქართველოში დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას აქვს.
“საქართველოს მთავრობასთან ჩართულობა და მუშაობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რა მოლოდინები გვაქვს საქართველოს მიმართ მისი წინსვლის და იმ მთავარი რეფორმების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს, მათ შორის სასამართლო რეფორმის შემდეგი ტალღა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და [თავისუფალი] სივრცის დახურვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავცეთ საქართველოს მთავრობას, რა იმედები და მოლოდინები გვაქვს მათგან", - ამბობს ჯონათან კაცი, “გერმანიის მარშალის ფონდის” მთავარი მკვლევარი და განმარტავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნიკალურ პერსპექტივას აწვდიან უცხოელ ანალიტიკოსებს იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად ადგილზე:
"ვფიქრობ, პოლიტიკოსებსა და იმ ადამიანებს, ვის აზრსაც ხალხი ითვალისწინებს ვაშინგტონში, მეტი უნდა გვესმოდეს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შესახებ და განვსაზღვროთ, როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ საქართველოს. ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ არის. გვესმის, რომ არსებობს გამოწვევებით სავსე პოლიტიკური დინამიკა, მაგრამ როცა რეგიონში არსებულ გამოწვევებს ვუყურებთ, ვუყურებთ რა არის ამერიკის ინტერესი და ევროპული ინტერესი - ეს არის ტრანსატლანტიკური ინტერესი. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ზედმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ უმოქმედოდ ვიყოთ. უნდა ვცადოთ გამოვავლი გზები, რომ წავწიოთ საქართველო მის ევროატლანტიკურ გზაზე. ვცდილობთ განსხვავებული ხმების მოყვანოს, ვილაპარაკოთ ამ უმთავრეს გამოწვევებზე, რომლებზეც პირდაპირ ვერ მოვისმენთ სხვა ქართველებისგან, რომლებიც ვაშინგტონში მოდიან", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში ჯონათან კაცი.
მისივე თქმით, საქართველოს გამორჩეული, ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს, როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში. მკვლევარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მუდამ ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა.
„ე.წ. არშემდგარი სახელმწიფოს პოზიციიდან ჩვენ გარდავიქმენით ბევრი სამაგალითო რეფორმის მქონე ქვეყნად“, - ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
„ჩვენს ქვეყანას აქვს სამაგალითო მიღწევები და ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ გამოცდილებიდან სწავლას, მაგრამ გვაქვს ბევრი გამოწვევა, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ასუსტებს. პირველიმ ცხადია, არის რუსული ოკუპაცია, შემდეგ კი არაფორმალური მმართველობა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების როლს ასუსტებს და მათ განვითარებას აფერხებს. ამას კი კიდევ უფრო პრობლემურს ხდის ის, რომ გვაქვს ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, არის აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან სუსტი ზედამხედვეობა პარლამენტის მხრიდან და ზოგიერთი ძალიან პროგრესული კანონის არაეფექტური აღსრულება“, - თქვა გიგაურმა „მარშალის ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე და სასამართლოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
გიგაურის თქმით, ბოლო პერიოდში აშკარაა მთავრობის სურვილიც აკონტროლოს დამოუკიდებელი მედია.
„ჩვენ ყველამ ვიცით „რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ, სახიფათო სიგნალები გვესმოდა „ტვ პირველისგანაც“, სულ ბოლოს კი ვნახეთ, რა მოხდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“. ეს კი მას შემდეგ, რაც ბოლო არჩევნების შემდეგ ვნახეთ ეუთო-ს ძალიან დადებითი შეფასებები არხის მუშაობისა.
მედიის გამოწვევების შესახებ ისაუბრა „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმაც და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ არსებულ გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საწინააღმდეგო ტენდენციები მოჰყვა.
"განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ ხელისუფლება ცდილობდა კრიტიკული არხების გაჩუმებას. ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის საქმე, ვიცით, რომ იყო გარკვეული მოვლენები "ტვ პირველის" მიმართ, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა მისი კონტროლის მცდელობა, ახლა კი ვხედავთ აჭარის ტელევიზიის საკითხს. ერთი მხრივ პრობლემაა ის, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი მედიის კონტროლს და მეორე მხრივ ის წარმოუდგენელი პოლარიზება, რასაც ვხედავთ", - განაცხადა ხუციშვილმა და განმარტა, რომ ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილ და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის სივრცე ძალიან მცირეა და მას ძირითადად მცირე მაუწყებლები და ონლაინ მედია-სასუალებები ავსებენ.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დემოკრატიის გამოწვევებზე საუბრისას განიხილეს, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე პერსონიფიცირებული თავდასხმები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა და დისკრედიტაციის მცდელობა იყო.
„როდესაც ვხედავთ, რა რეაქცია აქვს ხელისუფლების ზოგიერთ წევრს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე, როგორიც „ფრიდომ ჰაუზი“ და „ჰიუმან რაითს უოჩია“, როდესაც ვისმენთ, როგორ უწოდებენ მათ მიკერძოებულებს, გვიჩნდება კითხვა, როგორ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ?“ - განაცხადა გიგაურმა.
"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ამერიკის მეტი ლიდერობა და ჩართულობა იმ კუთხით, რომ დასავლეთი რეაქციულიდან პროაქტიულ პოლიტიკაზე გადავიდეს, როდესაც საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება.
Facebook Forum