ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლური დემოკრატიის კრიზისი და საქართველო


30 წლის წინ, ბერლინის კედლის დაცემასთან ერთად დემოკრატიულმა ტალღამ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა მოიცვა. ბევრი ფიქრობდა, რომ დასავლურმა დემოკრატიამ მოახერხა გადაელახა იდეოლოგიური გამოწვევები და მოიპოვა გამარჯვება. თუმცა დღეს, დემოკრატიული მთავრობები ახალი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე არიან.

ქვეყნის შიგნით ისინი პოპულიზმის აღზევებას, ტრადიციული პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებას, იმიგრაციის გარშემო დებატებს, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს უმკლავდებიან. მკლევარების ნაწილს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, დონალდ ტრამპის არჩევა, პოპულისტების წარმატება იტალიაში და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა საფრანგეთში სწორედ ამ კრიზისის ილუსტრაციაა.

საშინაო გამოწვევების ფონზე, წამყვან დემოკრატიებს საერთაშორისო არენაზე, მათ მზარდ ავტორიტარიზმთან უწევთ გამკლავება. ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიში მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის ახალ გეოპოლიტიკურ შეჯიბრზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ ავტორიტარული რეჟიმების აღზევება წარმოადგენს. მათ შორის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. უნგეთში, თურქეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში (სხვადასხვა დოზით) პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვას, დამოუკიდებელი პრესის გაქრობას, ხელისუფლების მონოპოლიზაციას და რუსეთის გავლენის ზრდას ვხვდებით. შედეგად, ცენტრალური ევროპა, რომელიც სამი ათწლეულის წინ დემოკრატიული გარდაქმნების ტრაფარეტული მაგალითი იყო, დღეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკლევარი ალინა პოლიაკოვა ამბობს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, რომლებიც დასავლეთსა და რუსეთს შორის ე.წ. რუხ ზონაში არიან მოქცეულნი. „მხოლოდ იმიტომ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკვე ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან, გვიწევს იმის უზრუნველყოფა, რომ დემოკრატია არ დასუსტდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ამის კვალდაკვალ, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ საქართველოს და უკრაინას გეზი მივცეთ ლიბერალური დემოკრატიისკენ და უწყვეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - ამბობს პოლიაკოვა.

პოლიაკოვას ეთანხმება ტორი ტოსიგი, რომელიც თვლის, რომ ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან გასამკლავებლად, როგორიც რუსეთია, დასავლეთმა საკუთარი უპირატესობა უფრო ნათლად უნდა აჩვენოს.

“როდესაც საქმე საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხება, მე ორი რამ მაღელვებს, ერთია რუსეთის განახლებული მცდელობა, რომ ამ ქვეყნებში სტაბილურობას ხელი შეუშალოს, რადგან ეს აფერხებს საქართველოს და უკრაინის დასავლეთისკენ სვლას. პირველ რიგში, ქვეყნებმა დასავლეთში და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, უნდა განაახლონ საუბარი დემოკრატიის გამძლეობაზე, რათა გაუმკლავდნენ გამოწვევებს ავტორიტარული სახელმწიფოებიდან“, - აცხადებს ტოსიგი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკლევარი.

ხოლო საქართველომ, რუსეთის აღზევების, მის მიერ რეგიონული გავლენის მოპოვების მცდელობის და გეოპოლიტიკური შეჯიბრის გამწვავების ფონზე, უფრო მტიცედ უნდა განაცხადოს, რომ მისი მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული ნორმების ერთგულებაა, - ამბობს დევიდ კრეიმერი, ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

„საქართველომ უნდა უზრუნველყოს რომ ქვეყნებს ევროკავშირში და ნატოში არ ჰქონდეთ საბაბი, რომ საქართველო მათ გარეთ დატოვონ. სწორედ ამიტომ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი შეცდომები დაუშვას. საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია იყოს წარმატებული, მოწინავე დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში. ამ შემთხვევაში, უფრო რთული იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრებისთვის უარი უთხრან საქართველოს“, - თქვა მან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ მკლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ დემოკრატიამ საკუთარი რესურსი ამოწურა, დღეს მსოფლიოში დემოკრატიებში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა ეტაპზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG