ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია კოვიდ-19-ის გამო ახალი შეზღუდვების შემოღებას განიხილავს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შულცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შულცი

გერმანიაში, კორონავირუსის ომიკრონს ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, ახალი შეზღუდვების შემოღებას და კარანტინის წესების გადახედვას განიხილავენ.

კანცლერი ოლაფ შოლცი ქვეყნის 16 ფედერაციული მიწის მმართველებს ხვდება და მათთან ერთად სამოქმედო გეგმას გადახედავს. განსახილველ საკითხთა შორისაა, შობის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება, რომლითაც აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა.

ერთ-ერთი განსახილველი საკითხია ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად, ბარებსა და რესტორნებში შესასვლელად, სწრაფი ტესტის ან ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერის მოთხოვნა.

მთავრობა ასევე განიხილავს კარანტინის და თვითიზოლაციის პერიოდის შემცირებას, რომელიც ახლა 14 დღეს უტოლდება. ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, უკვე გადადგეს.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, კოვიდ ვითარება გერმანიაში ბუნდოვანია, რადგან საშობაო არდადეგების პერიოდში ტესტირების რაოდენობა და მონაცემების შეგროვება შემცირდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არსებული მონაცემები სრულ სურათს ვერ ასახავს. ოფიციალური მონაცემებით, შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, სტატისტიკურად ქვეყანაში, 100,000 მოსახლეზე 303.4 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. გასულ 24 საათში, 56,335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ კვირაში ომიკრონის ვარიანტი შემთხვევების 44.3%-ში აღირიცხა. გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 15,8% იყო.

ამ დროისთვის გერმანიაში მოსახლეობის 71,5%-ია აცრილი, 40,9 პროცენტს კი ბუსტერის დოზა აქვს მიღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG