მწვავე წინასაარჩევნო დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამჯერად, სტრასბურგში, ევროსაბჭოს მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაზე აისახა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მერამდენედ გამოიყენა ასამბლეის ტრიბუნა და ქვეყნის „არაფორმალური მმართველი“ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის მეთაურთან და სხვა წევრებთან ერთად, „ფულის გათეთრებაში, გადასახადების დამალვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დაადანაშაულა“.
2 040 000 დოლარის სესხი და თავდებობის ვალდებულება აქვს რეგისტრირებული „ქართუში“ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს. 65 800 დოლარის სესხი ივანიშვილის ბანკიდან ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს აღებული. 30 000 დოლარი - გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს. 5000 დოლარის სესხი ჰქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელიც მან 2015 წლის ბოლოს უკვე დაფარა.
„ქართული ჰუკის“, გვერდიდან დარტყმის დროს, „ნაცებმა“ „პანამაგეიტის“ სკანდალურ მასალებში, აღმოჩენილი - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში დაფუძნებული კომპანია "Lynden Management" გამოიყენს. ის, რომ პრემიერობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა ეს კომპანია ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა, ოპოზიციის აზრით, საკმარისი საფუძველია, მის წინააღმდეგ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად. პარლამენტარმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე კერძოდ ბრძანა:
„რამდენად არის ეს საიდუმლო კომპანიები პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად? საქართველოს პრემიერი ყოფილი პირადი ბანკირია. მთავრობის სხვა წევრებიც მისი ყოფილი თანაშემწეები, ექიმები ან მისი კომპანიის ყოფილი თანამშრომლები არიან.
მათ აქვთ უპროცენტო სესხები გამოტანილი ივანიშვილის კერძო ბანკიდან და ამ სესხს ფარავენ თანხით, რომელიც მათ დეკლარაციებში მოყვანილ შემოსავლებს აღემატება. ეს ფულის გათეთრებაა.“
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით 21 აპრილს მიმართავს, მანამდე რთული შეხვედრა ელის საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან. ესპანელი პედრო აგრამუნტი, “ოცნების“ აზრით, ობიექტური რეფერი არ არის. მან თბილისის ყოფილ მერს, კორუფციის ბრალდებით გასამართლებულ გიგი უგულავას, „პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რომელი დარტყმით უპასუხებს კვირიკაშვილი ევროპულ არენაზე, ოპონენეტების ბრალდებებს. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერს ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკიდან“ 293500 დოლარის ოდენობოს ორი იპოთეკური სესხი აქვს აღებული.
„ქართუ ბანკში“ 140 000 დოლარის სესხი ასევე ირიცხება, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის სახელზე. მან ეს თანხა 2023 წლამდე უნდა დაფაროს.
2 040 000 დოლარის სესხი და თავდებობის ვალდებულება აქვს რეგისტრირებული „ქართუში“ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს. 65 800 დოლარის სესხი ივანიშვილის ბანკიდან ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს აღებული. 30 000 დოლარი - გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს. 5000 დოლარის სესხი ჰქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელიც მან 2015 წლის ბოლოს უკვე დაფარა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დარტყმას არანაკლები „ჰუკით“, პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ უპასუხა და ოპოზიციას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და მისი ოფშორული მილიონები გაახსენა:
„სამწუხაროდ, ძალიან საეჭვოდ წაგებული და ძალიან ტრაგიკული რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს ადამიანი ხდება საკმაოდ დიდი ქონების მეპატრონე, რაც ბუნებრივია დიდ ეჭვებს იწვევს.“
„პანამის დოკუმენტებთან“ დაკავშირებით, დავით კეზერაშვილის სახელმა პირველად შვეიცარიულ პრესაში გაიჟღერა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს, კეზერაშვილთან დაკავშირებულ ოფშორული კომპანიების ანგარიშებზე, მინიმუმ სამ შვეიცარიულ ბანკში (BCGE, ABN AMRO და BNP), ჯამში 45 მილიონი შვეიცარიული ფრანკი ჩაირიცხა.
ეს ოპერაციები სკანდალურად ცნობილი პანამური იურიდიული კომპანია „მოსაქ ფონსეკას“ საშუალებით განხორციელდა. 2013 წლის შემოდგომაზე კი როცა კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ამ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებულ, საარქივო დოკუმენტაციის ჩასწორებას ითხოვდა.
37 წლის კეზერაშვილს, 2004-06 წლებში ფინანსური პოლიციის, ხოლო 2006-08 წლებში თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა. მან მინისტრის პოსტი, 2008 წლის დეკემბერში დატოვა და მაშინ, დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის ანგარიშებზე სულ 57 800 ლარი ირიცხებოდა.
რამდენიმე მძიმე დანაშაულში ბრალდებული კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოს პროკურატურამ დრომდე ვერ შეძლო. მისი ძებნა შეწვიტა ინტრეპოლმაც.
2014 წლის თებერვალში, კეზერაშვილის ექსტრადირებაზე, ქართულ მხარეს ექს ან პროვანსის სასამართლომ უთხრა უარი. 2016 წლის აპრილში კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის გადმოცემაზე უარი უკვე ვესტმინსტერის სასამართლომ განაცხადა.