საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სენატორი შაჰინი ტყუის, როცა ამბობს თითქოს შეხვედრისას სთხოვა, აშშ-ს შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.
"სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში მედიასთან საუბარში.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა, თქვა, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენთან მაიკ ტერნერთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, შეერთებულ შტატებს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა იმ ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.
„ისინი ირწმუნებიან, რომ ეს გამჭირვალობისთვისაა, მათ სურთ თვალი მიადევნონ თუ რა ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე, საერთოდ ნებისმიერ განსხვავებულ აზრთან დაპირისპირებაზე.
ერთი რამ, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ჩვენ მას შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით აშშ-სთან ურთიერთობებზე და ჩვენს შეშფოთებაზე ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით და იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას - მისი ერთი თხოვნა იყო რომ, ჩვენ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შეიძლება კრიტიკულები იყვნენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.
კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო, მან თქვა: „ესა დემოკრატიის არსი“, ის განსხვავებული აზრის ჩახშობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იქნება თქვენი საქმიანობის კრიტიკა, ეს დემოკრატიის არსის ნაწილია“, - თქვა შაჰინმა ინტერვიუში.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში იმყოფებოდნენ 9-11 აგვისტოს. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან მათთან შეხვედრაზე უარი მიიღეს.
ეს იყო შეერთებული შტატების სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ვაშინგტონმა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა და გაურკვეველი ვადით გადაიდო მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები.
სენატორი ჯინ შაჰინი ცნობილია მკაფიოდ უარყოფითი შეფასებებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. მისი ავტორობით მომზადებული ორპარტიული კანონპროექტი - „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს, დემოკრატიული პროცესებისთვის პრობლემების შემქმნელი თანამდებობის პირებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯინ შაჰინს წინა ხელისუფლების მეგობარს უწოდებს და მის შენიშვნებს მიკერძოებულად თვლის. თუმცა, სენატორი ასევე კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების მიმართაც და მხარს უჭერდა საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას 2012 წელს.
Facebook Forum