თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ნეონაცისტურმა ჯგუფმა პანკ-მუსიკის ფესტივალის Punk Activity-ის ჩაშლა სცადა. ფესტივალში, რომელიც პანდემიის პირობებში პირველად გაიმართა, რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა: „მინდა და ვთხრი“, „ანარეკლი“, „ნუ მიეყრდნობით“, „პანიკა“ და „გერჩი“.
50-მდე ნეონაცისტის სამიზნე, რომელთა ნაწილი გამოწყობილი იყო შავ მასიურებში წარწერით - White Pride (თეთრი სიამაყე) სწორედ ალტერნატიული როკ-ბენდი „გერჩი“ იყო.
„გერჩის“ ცნობილი კომპოზიცია “ყარს” ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას ღიად აკრიტიკებს. “ხელს უმართავ რადიკალურ, მემარჯვენე მარშებს, ტვინგარეცხილ პატრიოტებს, საზარბაზნე ფარშებს თავისუფლების იმედებს ჩანასახში კლავენ, დარბიან და გაჰყვირიან: Georgien über allen!” - ამ სიმღერის გამო „გერჩის“ წევრებს სოციალურ ქსელში ანგარიშსწორებით არაერთხელ დამუქრებიან.
ნეონაცისტებმა იპოდრომზე შეკრება ფესტივალის დაწყებისთანავე დაიწყეს და როცა მათმა რაოდენობამ რამდენიმე ათეული შეადგინა, ფესტივალის მონაწინელეებს და პუბლიკას თავს დაესხნენ. ხელჩართული ჩხუბი პოლიციის გამოჩენამდე გაგრძელდა, პოლიციელებმა რამდენიმე თავდამსხმელი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.
„ნეონაცისტების ჯგუფი, რომელიც ძველ იპოდრომზე, ფესტივალის მონაწილეებს და მაყურებელს თავს დაესხა, ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ჩვენმა ორგანიაზაციამ, საქართველოში ნეონაცისტურ ჯგუფებზე კვლევა გამოაქვეყნა, მხოლოდ სოციალურ სივრცეში იყო აქტიური.
ბოლო შეტაკება კი აშკარად აჩვენებს იმას, რომ ეს ჯგუფი ბოლო ორი წლის მანძილზე, ბევრად გაძლიერდა და საზოგადოებისთვის უფრო საშიში გახდა. ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ასეთ ჯგუფებში სულ უფრო მეტ არასრულწლოვანს ვხედავთ, რომლებიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ჩადიან“
ბოლო შეტაკება აშკარად აჩვენებს, რომ ეს ჯგუფი ბოლო ორი წლის მანძილზე, ბევრად გაძლიერდა და საზოგადოებისთვის უფრო საშიში გახდა. ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ასეთ ჯგუფებში სულ უფრო მეტ არასრულწლოვანს ვხედავთ, რომლებიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ჩადიანგიორგი მარჯანიშვილი, "ჩართულობისა და განვითარების ცენტრი"
- გვითხრა „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ აღმსარულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა.
რითი იკვებება ქართული ნეონაციზმი და რადიკალური ულტრამემარჯვენე იდეოლოგია? მესამე სექტორის კვლევების მიხედვით, ისეთი ნეონაცისტური დაჯგუფებების, როგორებიც არიან „ „ქართული ძალა”, „ბერგმანი”, „დინამო ულტრას”, „ედელვაისი“ და „საქართველოს ეროვნული ერთობა“ მთავარი სამიზნე არიან იმიგრანტები, შავკანიანი და ფერადკანიანი ადამიანები, განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, LGBTQI ორიენტაციის პირები.
ნეონაცისტურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებში ხშირად რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური სიძულვილი შეფუთულია „პატრიოტიზმით“, „ნაციონალიზმით“, „რელიგიური გრძნობების დაცვით“ და „თეთრი რასის უპირატესობით“.
ნიშანდობლივია, რომ იპოდრომზე თავდამსხმელებს მაისურებზე „თეთრი სიამაყე“ ეწერათ, რომელიც „თეთრი ნაციონალისტებისა“ და ნეონაცისტების ლოზუნგია.
ქართული ნეონაცისტური და ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მკვეთრი ანტიდასავრული რიტორიკის უკან მესამე სექტორი რუსეთს ხედავს, თუმცა მათ შორის არიან მკვეთრად ანტირუსულად განწყობილი დაჯგუფებებიც.
„ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის“ - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში - „ქართული ნეონაციზმის ანატომია“. ამ შეფასებას იზიარებს გიორგი მარჯანიშვილიც.
„ნეონაცისტურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და რუსეთს შორის კონკრეტული ფინანსური კავშირების დადგენა ვფიქრობ სპეცსამსახურების საქმეა, თუმცა სხვა მხრივ, ნათელია, თუ ვის აწყობს, ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის, შუღლის და დაპირისპირების გაღვივება ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ თუ ყოფითი განსხვავებულობის ნიადაგზე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ თავდახმას პანკ მუსიკის შემქნელებსა და მოყვარულებზე. მხოლოდ იმიტომ რომ მათ სიმღერის შინაარსი ან პუბლიკის ჩაცმულობა არ მოეწონათ, ეს ძალიან საშიშია
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ თავდახმას პანკ მუსიკის შემქნელებსა და მოყვარულებზე. მხოლოდ იმიტომ რომ მათ სიმღერის შინაარსი ან პუბლიკის ჩაცმულობა არ მოეწონათ, ეს ძალიან საშიშია“ - ამბობს გიორგი მარჯანიშვილი.
მისი აზრით „რა თქმა უნდა, ასეთი ჯგუფების გაჩენას აქვს კონკრეტული სოციალური თუ ეკონომიკური მიზეზები, იგივე უმძიმესი პრობლემები განათლების სისტემაში, თუმცა ბევრ კვლევაში ჩანს, რომ ეს ჯგუფები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ღიად პრორუსულ პარტიებთან, იგივე „პატრიოტთა ალიანსთან“ თუ რუსეთიდან დაფინანსებულ ფონდებთან“.
„ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“ გეგმავს, ძველ იპოდრომზე, პანკ-მუსიკის ფესტივალის მონაწილეებზე თავდასხმის საქმის წარმოებას დააკვირდეს. არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ეს არ იყო მხოლოდ ჯგუფური ხულიგნობა. ამ შემთხვევაში, ღიად სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იკვეთება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
2018 წელს, ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა, თბილისში, დიუმას ქუჩასთან ახლოს, 25 წლის ვიტალი საფაროვი მოკლეს, რომელიც „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი იყო.
ეს იყო პირველი საქმე საქართველოში, რომელიც სისხლის სამართლის 109 მუხლის დ და ე ქვეპუნქტით აღიძრა და განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობდა, „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის“ ნიადაგზე.
საბოლოოდ, მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდება, რომ ეს იყო „განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის“ ნიადაგზე და მკვლელებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის გამო.