ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა Kiwi კაფეზე: „ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო!“


თავდასხმის შემდეგ ვეგეტარიანული კაფე დაკეტილია
თავდასხმის შემდეგ ვეგეტარიანული კაფე დაკეტილია

მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო სს-ის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით იძიებს თბილისის ცენტრში, ნაციონალისტების მიერ ვეგეტარიანულ Kiwi კაფეზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც ირანის მოქალაქის სორუშ ნეგაჰდარის საკუთრებაა.

თავდასხმა 29 მაისს, საღამოს მოხდა, როცა ვეგან კაფეს მუდმივი კლიენტურა ამერიკული ანიმაციური შავი კომედიის - „რიკი და მორტის“ ჩვენებაზე იყო შეკრებილი. ვეგეტარიანურ კაფეში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უძველეს, ვერცხლის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის სიახლოვეს მდებარეობს, თხუთმეტამდე უცნობი პირი შეიჭრა და იქ სოსისები და მწვადის ნაჭრები შეყარა.

თავდამსხმელთა ნაწილი ნასვამი იყო, მათ შეძახილებით - „ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო.!“ სცემეს ჯერ მზარეული, შემდეგ კი მიმტანი გოგონა, აგინეს ახალგაზრდებს და დაამტვრიეს ინვენტარი. ჩხუბში მოგვიანებით, ვერცხლის ქუჩის მაცხოვრებლებიც ჩაებნენ, რომელთა ნაწილს, მათ ქუჩაზე, Kiwi კაფეს ფუნქციონირება აღიზიანებს.

პოლიციამ დაზარალებულთა ნაწილი დაკითხა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებია. თვითმხილველის თქმით, რომელსაც ანგარიშსწორების გამო არ სურს ვინაობის დასახელება, Kiwi კაფე ნაციონალისტების მიერ სწორედ იმიტომ იყო შერჩეული, რომ ის ირანის მოქალაქის საკუთრებაა. ვეგეტარიანული კაფე უკვე მეორე დღეა დაკეტილია.

"აბჯრის მაგვარი შავი ტანსაცმელი ეცვა და გვითხრა რომ ყველა დაგვიმახსოვრა სახეზე"
თვითმხილველი

„ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, რომელიც ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა, სულ შავი, აბჯრის მაგვარი ტანსაცმელი ეცვა, გვითხრა, რომ ყველა დაგვიმახსოვრა სახეზე და ამის გამო შეგვექმნებოდა პრობლემები.“

ვეგან კაფეს კლიენტურამ თავდამსხმელებში ნაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული ძალისა“ და ნეო-ნაცისტური დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრები ამოიცნო.

საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ ყველაზე რადიკალურ ფან-დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრებს უკვე აქვთ მსგავსი დანაშაული ჩადენილი. 2015 წლის სექტემბერში, მათ რუსთაველის გამზირზე, ნიგერიის მოქალაქეებს სცემეს და კადრები ინტერნეტით გაავრცელეს. ამის შემდეგ, პოლიციამ „ბერგმანის“ სამი წევრი დააკავა.

რაც შეეხება „ქართულ ძალას“, ეს დაჯგუფება, ერთი წელია რაც გააქტიურდა. 17 მაისს, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაფინანსებულ, „ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის დღისადმი“ მიძღვნილ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა ბათუმში;

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, კი, პლაკატით „ქართველები საქართველოსთვის“ ორგანიზებული მსვლელობა უკვე თბილისში მოაწყო.

ნაციონალისტების მსვლელობა 26 მაისს თბილისში
ნაციონალისტების მსვლელობა 26 მაისს თბილისში

„ქართული ძალა“ აცხადებს, რომ „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გზას მისდევს, ეწინააღმდეგება როგორც რუსულ ოკუპაციას, ისე დასავლურ ღირებულებებს“.

ახალგაზრდა ნაციონალისტების მცდელობას მათი ზვიად გამსახურდიასთან ასოცირება მოხდეს, კრიტიკული შეფასებით გამოეხმაურა ფინეთში მცხოვრები, გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, მისი თქმით, ეს ძალა უფრო „მხედრიონს “აგონებს, ხოლო მოწოდება „საქართველო ქართველებისთვის“ რუსული სპეცსამსახურების შეთხზული იყო და „არასოდეს ყოფილა ეროვნული ხელისუფლების ლოზუნგი.“

ქართველი ნაციონალისტების "იუმორი"
ქართველი ნაციონალისტების "იუმორი"

„ქართულმა ძალამ“ Kiwi კაფეზე თავდასხმაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო. ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 24 წლის ნიკა ბურნაძე ამბობს

"ჩვენ სოსისებისა და მწვადის ნაჭრების სროლაზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით ვართ დაკავებულები"
ნიკა ბურნაძე, "ქართული ძალა"

„ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე ვეგეტარიანულ კაფეში სოსისების და მწვადის ნაჭრების სროლაა.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეგან კაფეზე თავდასხმას მხოლოდ სს-ის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით იძიებს.

თუმცა, იმავე კოდექსით: დანაშაულის ჩადენა: „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კოდექსით გათვალისწინებული, ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.

XS
SM
MD
LG