ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პოლიტიკური არატოლერანტობა ახასიათებს


საქართველოს პოლიტიკური არატოლერანტობა ახასიათებს
საქართველოს პოლიტიკური არატოლერანტობა ახასიათებს

საქართველოს პრეზიდენტის წინადადებით, საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის საერო ზეიმი ნოვრუზ-ბაირამი უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

უკვე მესამედ საქართველოში, 2008 წლიდან 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით მსოფლიოში 1996 წელს დაარსდა.

ღონისძიება თბილისში, ”ქორთიართ-მარიოტში” გახსნეს სახალხო დამცველმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა ჯეიმ მაკგოლდრიკმა, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მსოფლიო ბოლომდე ტოლერანტული არ არის. საკმაოდ მკაცრად შეაფასა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა :

”მიმდინარე წლის პირველი ნახევარი შეუწყნარებლობის ესკალაციითაც იყო გამორჩეული.ქსენოფობიური, ფუნდამენტალისტური და რასისტული მოწოდებები გაისმოდა, როგორც საჯარო გამოსვლებისას, ასევე გარკვეული მედია საშუალებებით.

აღნიშნულ პერიოდში გააქტიურდა მართლმადიდებლური სახელით მოქმედი ორგანიზაცია ”მართლმადიდებელი მშობელთა კავშირი”. ასევე შეიქმნა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”, რომლის ლიდერები გამოირჩეოდნენ ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი მოწოდებებით”.

თუმცა სახალხო დამცველმა აუდიტორიას, რომელსაც წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, რელიგიური ორგანიზაციების და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მოახსენა ის პოზიტიური ცვლილებებიც, რაც ქართულ საზოგადოებაში ხორციელდება:

”2010 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, რომ საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის საერო ზეიმი ნოვრუზ-ბაირამი გამოცხადდეს უქმე დღედ. ამ კონტექსტში სხვა ეთნიკური ჯგუფების დღესასწაულების უქმე დღედ გამოცხადება იქნება გათვალისწინებული”.

ტოლერანტობა განსხვავებულთა ჰარმონიას გულიხმობს. რამდენად ჰარმონიულია ამ მხრივ საქართველო?

თბილისის ილიას უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის დირექტორი მერაბ ბასილია თვლის, რომ თანამედროვე ტოლერანტობის სტანდარტებს საქართველო ვერ პასუხობს:

” საქართველომ გამოიმუშავა ყოფითი ტოლერანტობის საკმაოდ დიდი ტრადიცია. ყოფით დონეზე ქართული საზოგადოება საკმაოდ ჰარმონიულია. მაგრამ თანამედროვე სამყაროს შესაბამისად სტანდარტებით ის აბსოლუტურად არატოლერანტულია”.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ვან ბაიბურთი მიიჩნევს, რომ ცნება ტოლერანტობა საქართველოში დაიბადა :

” მსოფლიოში რატომღაც ამბობენ "ევროპული ტოლერანტობაო". ეს ქართული ტოლერანტობაა. ეს რეალობაა”.

ტოლერანტობა არის ერთ-ერთი მთავარი და საბაზო პრინციპი, თუ ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში მშვიდობა, დემოკრატია და განვითარება, ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი :

” ყველა საზოგადოებაში, საქართველოშიც არის არატოლერანტული გამოვლინებები, ალბათ სხვადასხვა მიმართულებით და არა მხოლოდ რელიგიური. პოლიტიკური არატოლერანტობა არის ძალიან დამახასიათებებლი საქართველოსთვის. არის კიდევ სხვა მიმართულებები, მაგრამ მთავარია ჩვენ ვიცოდეთ მიზეზები და შევეცადოთ ამ მიზეზებს შევებრძოლოთ მეტი განათლებით, ისევ მეტი ტოლერანტობით."

გიგი წერეთლის თქმით, სწორედ ტოლერანტობის დეფიციტი ქმნის ხშირ შემთხვევაში კარგ ნიადაგს იყოს ომი, დაძაბულობა, დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG