ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული სასამართლოს გადამწყვეტი სიტყვა ქართულ მედიაში


საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც კი საქართველოს სამოქალაქო აქტივისტები მედიის თავისუფლების იმ სტანდარტებისთვის იბრძვიან, რომლებიც ევრო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებს ახასიათებთ, რისკენაც ქვეყანა მიილტვის.

მედიის დამცველებმა ამ კვირას ერთი გამარჯვება მაშინ მოიპოვეს, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თბილისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა. ამით სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული და, ამავდროულად, არსებული მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელისთვის - ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის პროცესი შეაჩერა.

„ევროპამ საქართველო გადაარჩინა“

სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ევროპას მადლობა გადაუხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. „დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა,“ უთხრა ტელევიზიის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს გვარამიამ პირდაპირ ეთერში.

„რუსთავი 2“-ის დამცველები შიშობდნენ, რომ ტელევიზიის ხალვაშისთვის დაბრუნება ქვეყანაში კრიტიკულ ხმას ჩაახშობდა.

„რუსთავი 2“-ს მფლობელობაზე სასამართლო დავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დაიწყო, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ქვეყნის ერთადერთი მილიარდერის მიერ დაფუძნებულმა „კოალიცია ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა.

საქართველოს მთავრობა ცდილობდა „რუსთავი 2“-ის მფლობელობის დავა დაეხასიათებინა, როგორც „დავა ორ სუბიექტს“ შორის. ამის პარალელურად ქვეყანაში დეზინფორმაციაზე დაყრდნობილი რუსული პროპაგანდა მძლავრდება.

მედიის მდგომარეობა „ცუდად გამოიყურება“

ჟურნალ „ეკონომისტის“ რედაქტორის ედვარდ ლუკასის შეფასებით, საქართველოს მედია მდგომარეობა „ცუდად გამოიყურება.“

„ამერიკის ხმისთვის“ გამოგზავნილ წერილში ლუკასი წერს: „საკითხი სამართლებრივად, შესაძლოა, ჩახლართული იყოს, მაგრამ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამაუწყებლო მედიის პლურალიზმის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ძალაუფლებისთვის იბრძვის.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ აბაზაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროკომისიის წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა და ამის დასტურად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი მოჰყავს.

სხვა მედია საშუალებები

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესების და საპროტესტო აქციების პარალელურად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა მაუწყებლის რეფორმა დააანონსა და ბოლო ინფორმაციით ამ წლის ივლისში 100-ზე მეტი ტელე და რადიო გადაცემა გაუქმდება.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „მედია ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც, მისი თქმით „უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედია გარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე - საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“.

პრემიერის ინიციატივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მედია მკვლევარები. ილიას უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროფესორი ნინო დანელია მიიჩნევს, რომ მთავრობა „საერთაშორისო დამკვირვებლების მოხიბლვას“ ცდილობს, რომლებიც კრიტიკულად გამოეხმაურნენ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

„ქართულ მედიას მთავარ პრობლემებს თავად ხელისუფლება უქმნის, მთავრობის მიერ დანიშნული ომბუდსმენი ვერ შეძლებს იმ პრობლემების არიდებას, რასაც თვითონ მთავრობა ქმნის,“ ამბობს დანელია.

"ფრიდომ ჰაუსის" გაფრთხილება

2015 წელს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდა „შეეწყვიტა ჩარევა“ მედიის საკითხებში.

“საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა. "ფრიდომ ჰაუსის" და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა,“ ასე შეაფასა მაშინ საქართველოს მედია გარემო „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა რობერტ ჰერმანმა.

XS
SM
MD
LG