რუსთავი 2–ის საქმის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ქართული მედიის წარმომადგენლები და ქართული საზოგადოება, არამედ უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის შოკი გამოიწვია. დღეს ბრუსელში ითქვა იმის თაობაზეც კი, რომ ევროპა თავს მოტყუებულად გრძნობს და რომ ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით მწვანე შუქის ანთება, შესაძლოა შეცდომა იყო.
აშშ–ს საელჩო ასევე გამოეხმაურა "რუსთავი 2"–ის საქმეს და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეზღუდოს ოპოზიციური ხმის წვდომა საზოგადოებაში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში თავისუფალი და პლურალისტული მედიის შეზღუდვის საფრთხეს ხედავს ასევე ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი, რომელიც ასევე ავრცელებს სპეციალურ განცხადებას ამ საკითხზე. იგივე აზრს ავითარებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. შეშფოთებული და შოკირებულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. ისმის საუბრები იმის შესახებაც, რომ ქუჩებში გამოსვლისა და აქციების დაწყების დროა, რადგან წინააღმდეგობის სამართლებრივი ბერკეტები ეფექტიანი უკვე აღარაა.
ერთადერთი, ვინც პრობლემას ვერ ხედავს შექმნილ ვითარებაში ეს საქართველოს მთავრობაა. დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2"–ის საქმეზე გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას ეკუთვნის, ხოლო მთავრობა ყველანაირად იცავს და დაიცავს თავისუფალსა და დამოუკიდებელ მედიას.
„რუსთავი 2–მა სტარასბურგში გაგზავნილი სარჩელი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე დაასაბუთა იმით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ქვეყანაში დასრულდებოდა დემოკრატია და დაიწყებოდა ქაოსი.“თეა წულუკიანი
"რუსთავი 2"–ის მფლობელებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ რადგან საქართველოში ყველა სამართლებრივი რესურსი ამოიწურა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდენ და შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვდენ გადაწყვეტილების მიმართ. სწორედ ამ პროცესმა მიიღო დღეს წარმოუდგენლად უპრეცენდენტო სახე. გვიან საღამოს რუსთავი 2–ის იურისტებმა განაცხადეს, რომ სტრასტურგის მორიგე მოსამართლემ მანამდე არარსებული გადაწყვეტილება მიიღო. ანალოგიურ პრაქტიკას აქამდე ადგილი არ ჰქონია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლს ეყრდნობა, შეჩერდა რუსთავი 2–ის ახალი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესი. ამის თაობაზე ღამის 11 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს საგანგებო ბრიფინგის გამართვა მოუხდა, სადაც საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოს ხელისუფლება დასახელებულია მხარედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და რომ ამ უჩვეულო გადაწყვეტილების ავტორი მორიგი მოსამართლის სახელი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2–მა სტარასბურგში გაგზავნილი სარჩელი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე დაასაბუთა იმით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ქვეყანაში დასრულდებოდა დემოკრატია და დაიწყებოდა ქაოსი.“ იუსიტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქვე იყო წარდგენილი ევროპის სახალხო პარტიის წევრების, აშშ–ს საელჩოს და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები, რამაც გაამყარა რუსთავი 2–ის პოზიცია.
სტრასბურგმა "რუსთავი 2"–ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის საკითხი 8 მარტამდე შეაჩერა. ამ თარიღის შემდგომ საქმეზე უკვე რამდენიმე მოსამართლე იმსჯელებს ევროპულ სასამართლოში.
უზენაეს სასამართლოს შეეძლო დალოდებოდა საკონსიტუტციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და შემდგომ გამოეტანა გადაწყვეტილება. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ არ სურთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არც უზენაეს სასამართლოს და არც საკონსიტუტციოს.“თეო ზაქარაშვილი, TI-ის იურისტი
"ამერიკის ხმამ" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი თეო ზაქარაშვილი ჩაწერა, რომელიც "რუსთავი 2"–ის საქმის ყველა სასამართლო პროცესს თავად ესწრებოდა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ერთადერთი სამართლებრივი გზა, მართლაც სტრასბურგი რჩება, თუმცა აღსრულების შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაში მხოლოდ მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც საქმე სიცოცხლისთვის გადაუდებელ საფრთხეს ეხებოდა. გარდა ამისა, იურისტი იმ შეუსაბამობაზეც საუბრობს, რომ უზენაესმა სასამართლომ თავად მოახდინა იგნორირება მისივე გადაწყვეტილების, როდესაც "რუსთავი 2"–ის საქმის მიმართ შეცვალა მისივე დადგენილი პრაქტიკა.
„მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს. უზენაესი სასამართლოსთვის, მართალია, ზეპირი მოსხმენის გარეშე განხილვა არაა არატრადიციული, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო მთელი რიგი უპახუსო კითხვები, ის, რომ საქმე თავისი შინაარსით ძალიან რეზონანსულია და გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ საქმე ეხება მედიას და პრაქტიკულად მის შეზღუდვას, მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით. ურთმელიძის განჩინებით, რომელიც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე საუბრობდა, ცალსახა იყო, რომ ეს არ გახლდათ მხოლოდ მესაკუთრეობიაზე დავა. ამას უნდა დავამატოთ მაღალი თანამდებობის პირების შეფასებები, მოწოდებები, პოზიციები საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყო სარჩელები, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა იმ მუხლების, რაც საფუძვლად უდევს ქიბარ ხალვაშის სარჩელს, გარიგების ამორალულობასთან დაკავშირებით. ელემენტარულად, უზენაეს სასამართლოს შეეძლო დალოდებოდა საკონსიტუტციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და შემდგომ გამოეტანა გადაწყვეტილება. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ არ სურთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არც უზენაეს სასამართლოს და არც საკონსიტუტციოს.“
"ამერიკის ხმა" "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელს გიორგი თარგამაძეს ესაუბრა, რომელიც 10 წლის წინ ხელისუფლების მიერ დახურული მედიის წარმომადგენელი გახლდათ. „ტექნიკურ შემსრულებლებზე, მათ შორის თუნდაც სასამართლოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხელისუფლებამ სცადა და ცდილობს, მედია სივრცეზე სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს და ადამიანთა გონებაზე განუსაზღვრელი მონოპოლია მოიპოვოს, რაც, ჩემი აზრით, მიუღწეველი მიზანია, მაგრამ ის მაინც ბოლომდე ეცდება ამის გაკეთებას.ეს იკვეთება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან. ხელისუფლების სურვილია რუსთავი2–ში ნებისმიერ ფორმით შევიდეს, მენეჯმენტი მთლიანად აიღოს ხელში და დაუქვემდებაროს მისთვის სასურველ სარედაქციო პოლიტიკას. თუკი ეს მაინც მოხდა, აუცილებელია მობილიზება, ალბათ არსებობს გარკვეული გეგმა, რომ ალტერნატიული მაუწყებლობა ამუშავდეს“.
რუსთავი 2–ის საქმე რომ კერძო ტელევიზიის საკითხის ჩარჩოებს კარგა ხანია გაცდა და პოლიტიკის, დემოკრატიისა და პლურალიზმის პრინციპების განსაზღვრისთვის ტესტს წარმოადგენს, ამაზე ყველა თანხმდება, ხელისუფლების გარდა.