ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიგადის გენერალი კაპანაძე „ნიუ იორკ თაიმსს“ მწვავედ აკრიტიკებს


ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისიის მიმართ საზოგადოებრივი აზრი იცვლება

ჰელმანდში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 24 საათის შემდეგ, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი უფრო ავღანეთში ქართული მისიის მთლიანად შეწყვეტის ან სამშვიდობო კონტიგენტის მნიშვნელოვანი შემცირებისკენ გადაიხარა.

ძირითადად ასეთი განწყობები ასახულია სოციალურ ქსელებში. ხუთშაბათს, სწორედ, ფეისბუქზე დაიბადა საპროტესტო აქციის იდეა, რომელსაც „დააბრუნეთ ქართველი სამხედროები საქართველოში“ ჰქვია.

აქცია ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ სპონტანურად დაიგეგმა. რამდენიმე ადამიანი საპროტესტოდ დღესაც მივიდა რუსთაველის გამზირზე, თუმცა აქცია პარლამენტის ყოფილი შენობის წინ. ხვალ, 15 საათზე იმართება.

თუ ფეისბუქზე შექმნილი გვერდიდან ვიმსჯელებთ, აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე 8000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა ხვალ გამოჩნდება რეალურად რამდენი ადამიანი მივა რუსთაველზე.

დღეისათვის გაურკვეველი სიტუაციაა სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ვიდეო-ვებ გვერდ იუთუბზე აიტვირთა. ვიდეორგოლმა საქათველოში დიდი ხმაური გამოიწვია.

საუბარია თითქმის 4 წუთიან ვიდეოზე, სადაც ავღანური მოძრაობა თალიბანი „საქართველოდან ჩასულ ჯვაროსნებს“ ჯიჰადს უცხადებს. „სააკაშვილს სურს დაეხმაროს ამერიკას ჩვენი ცოლებისა და ბავშვების დახოცვაში. მაგრამ ჰელმანდი ყველა ქართველი ჯვაროსნისთვის საფლავი გახდება“ - ასეთია ვიდეორგოლის მოკლე შინაარსი.

ვიდეო იუთუბზე 5 ივნისს დილით აიტვირთა, 6 ივნისს კი ჰელმანდში 7 ქართველი დაიღუპა, 10-მდე დაიჭრა. რამდენად არის კავშირში ვიდეო ტერორისტულ აქტთან ამას საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტრო იძიებს. მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შსს ცდილობს დაადგინონ რომელი ქვეყნიდან მოხდა იუთუბზე ამ ვიდეორგოლის ატვირთვა.

გუშინდელი თავდასხმა იყო ყველაზე უფრო მძიმე ქართული სამშვიდო მისიის ოთხწლიანი ისტორიის მანძილზე. აქამდე ერთდროულად 7 ჯარისკაცი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავღანეთში არ დაუკარგავს.

სამხედრო ექსპერტები ძირითადად გამოთქვამენ აზრს, რომ ტრაგიკული დანაკარგების გახშირება ჰელმანდში ქართული მისიის გაორმაგების შედეგია. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ჩვენ თითქმის 1600 ჯარისკაცი გვყავს.

არის შეკითხვები მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მომზადებასთან დაკავშირებითაც. ეს ბატალიონი ავღანეთში პირველად სულ ახლახანს, აპრილში იქნა გადასროლილი, თუმცა მათ უკვე 10 ჯარისკაცი დაკარგეს.

6 ივნისის ანალოგიური ტერორისტული თავდასხმა შირ ღაზას ოპერატიულ ბაზაზე ჰელმანდში 13 მაისს მოხდა, მაშინ 3 ქართველი დაიღუპა. შედარებისთვის, 2010 წელს საქართველომ ავღანეთში 5 მეომარი დაკარგა; 2011 წელს - 6; 2012-ში - 8 და 2013 წლის 7 ივნისისთვის უკვე 10 მეომარი.

რაც შეეხება განწყობას ქვეყნის ისტებლიშმენტში. ჯერჯერობით. პრეზიდენტიც და პრემიერიც აცხადებენ, რომ უმძიმესი დანაკარგების მიუხედავად, საქართველო ბოლომდე შეასრულებს სამშვიდობო მისიას და ავღანეთს ჩვენი ჯარისკაცები 2014 წლამდე არ დატოვებენ.

ამჟამად ჰელმანდში იმყოფება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან ტერაქტის გამო, ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა. ალასანიამ უკვე მოინახულა დაჭრილი ქართველები. მათ სიცოცხლეს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დაღუპული ქართველი მეომრების შირ ღაზას ოპერატიული ბაზიდან, ამერიკელთა საქსპედიციო ბაზა ლეზერნიკზე (Camp Leatherneck)
გადმოსვენების ცერემონიალში. ირაკლი ალასანიამ კერძოდ ბრძანა

დღეს, ჩვენ შვიდი გმირი ჩამოვასვენეთლეზერნიკისბაზაზე და მალე საქართველოში წამოვიყვანთ - დავუბრუნებთ საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს. ენით აუწერელია ეს ტკივილი.

ვერასდროს ვერ მოვიშუშებთ მათ დანაკლისს. მაგრამ ერთი რამ მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეს - ამ ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე ჩვენს მომავალს შეწირეს.

კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ საკუთარი სახელები უკვდავეყოთ და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მომავალი კიდევ უფრო დაეკავშირებინათ დემოკრატიულ ქვეყნებთან და ნატოსთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ბიჭებმა ჩაიდინეს არის ის, რომ საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ერთმანეთისთვის, თანამებრძოლის უსაფრთხოებისთვის. თვალიც კი არ დაუხამხამებიათ, ისე გადადგეს ეს ნაბიჯი

დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში, წინასწარი ინფორმაციით, კვირას ჩამოასვენებენ. სულ ავღანეთის ოპერაციამ უკვე 29 ქართველი ჯარისკაცი შეიწირა და 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

P.S საღამოს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყენებლზე გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვარხტანგ კაპანაძემ „აბსოლუტური სიბრიყვე, ბოღმის გადმონთხევა, უსუსური სისულეების ერთობლიობა და ვიღაცის შეკვეთა უწოდა“ დღეს გავლენიანი, ამერიკული გაზეთის „ნიუ იორკ თაიმში“ გამოქვეყნებულ წერილს.

ჟურნალისტებს ალისა რუბინსა და ტაიმორ შაჰს მოჰყავთ ავღანელი რესპოდენტების სიტყვები, რომ თითქოს „ქართველები ბატონებივით გვექცევიან, ადამიანებს კარგად არ ეპყრობიან; ზოგჯერ მგზავრებს აჩერებენ გასაჩხრეკად და ხალხი წუწუნებს, რომ ისინი მათ ნივთებს, ფულს, საათებსა და სხვა ძვირფასეულობას იპარავენ, მათ არ იციან ინგლისური ენა და რაღაც რუსულის მსგავს ენაზე ლაპარაკობენ.."

ამ უმძიმესი ბრალდებების კომენტარისას, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ბრძანა (ციტატა) - „ამის დამწერს გადავაყლაპავდი იმ გაზეთს“.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31- ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31- ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31- ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31- ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31- ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32- ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32- ბატალიონი)
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33- ბატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33- ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33- ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31- ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31- ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31- ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31- ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31- ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31- ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31- ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32- ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12- ბატალიონი)
13/05/2013
უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (42- ბატალიონი)
13/05/2013
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42- ბატალიონი)
13/05/2013
კაპრალი ვლადიმერ შანავა (42- ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი გიორგი ადამოვი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგით ზვიად სულხანიშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ბორის ცუგოშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ზურაბ გურგენაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (42-ე ბატალიონი)

XS
SM
MD
LG