ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ ავღანეთში კიდევ სამი ჯარისკაცი დაკარგა


შირ ღაზას ოპერატიულ ბაზაზე თავდასხმამ სამი ქართველი შეიწირა

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ საქართველოს ჯარისკაცებზე განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას სამი ქართველი მეომარი შეეწირა. 33 წლის უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, 26 წლის კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა, რომელსაც 24 წელი 1 აპრილს შეუსრულდა, ადგილზე დაიღუპნენ.

ყველა მათგანი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მებრძოლები არიან. ეს ბატალიონი ავღანეთში თავისი პირველი მისიის შესრულებას აპრილის პირველი რიცხვებიდან შეუდგა.

თალიბების მოულოდნელი თავდასხმა, ჰელმანდის პროვინციაში, შირ ღაზას (Shir Ghazay) ოპერატიულ ბაზაზე, ორშაბათს, 16 საათსა და 17 წუთზე განხორციელდა.

აქ ქართველებთან ერთად, ამერიკელი საზღავო ქვეითები და ავღანელი ჯარისკაცები არიან დისლოცირებული. თავდასხმის დეტალებზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანეს 42-ე ბატალიონის ბაზაზე. მე ვესაუბრე 42-ე ბატალიონის მეთაურს მაიორ კალანდაძეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით.

თავდასხმა ქართველმა სამხედოებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში. დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო რომ თავდასხმას სამი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა.“

თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა დაჭრილების რაოდენობა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ თალიბთა თავდასხმის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროები უკვე გადაიყვანეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზა კემპ ბასტიონზე, რომელიც შირ ღაზადან 95 კილომეტრში მდებარეობს. 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმი ზურაბ ზაქარაია ამბობს:

„დაჭრილი ქართველი სამხედროები ვერტფრენის მეშვეობით გადმოვიყვანეთ სამხედრო ბაზა ბასტიონზე, ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. მათ სიცოცხლეს საფრთხე ამჟამად არ ემუქრება. მდგომარეობა სტაბილურია."

შარშან სექტემბერში, თალიბთა 20 კაციანმა ჯგუფმა კემპ ბასტიონზე ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალა. ამერიკულ სამხედრო ფორმებში გადაცმულმა ტერორისტებმა ბაზაზე შეღწევა შეძლეს.

გარდა იმისა, რომ ადგილზე მოკლეს სამხედრო ავიაციის (VMA-211) ერთ-ერთი ლეგენდა, ამერიკელი პოდპოლკოვნიკი ქრისტოფერ რეიბლი; მათ ასევე ააფეთქეს, ბაზაზე განლაგებული რვა ამერიკული ავიაგამანადგურებელი „ჰარიერი“ (AV-8B), რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.

შირ ღაზას (Shir Ghazay) ოპერატიული ბაზა სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პუნქტია. ის აკონტროლებს სტრატეგიულ საავტომობილო გზებს მდინარე ჰელმანდის ხეობაში განლაგებულ ქალაქებს: ლაშქარ ღას, გერეშსა და სანგინს შორის.

14 000 პუშტუნით დასახლებული სანგინი, სამხრეთ ავღანეთში ოპიუმის დამზადების მთავარი ცენტრია და ტრადიციულად, თალიბებს უჭერს მხარს.

ბოლოს, ერთდროულად სამი მეომარი ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 21 თებერვალს დაკარგა. მაშინ თალიბებთან შეტაკებისას, მესამე ქვეითი ბრიგადის სამი კაპრალი დაიღუპა. ყველაზე დიდი დანაკარგი კი ქართულმა არმიამ 2010 წლის 30 სექტემბერს მიიღო, როცა ნაღმზე 31-ე ბატალიონის ოთხი მეომარი აფეთქდა, მათ შორის პოლკოვნიკი გოგიაშვილიც.

ასეთი დანაკარგების მიუხედავად, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც იმავდროულად მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატიც არის, კერძოდ ბრძანა:

„ძალიან მძიმეა ამის ყველაფრის ერთად დანახვა, მაგრამ გასათვალისწინებელია , რომ ეს ხალხი იქ საქართველოსთვის, როგორც მშვიდობიანი მსოფლიოს ნაწილისთვის იბრძვის. 21-ე და ფაქტიურად, მე-20 საუკუნემაც მოიტანა ვითარება, როდესაც მცირე ერებიც კი არიან გლობალური, ერთიანი, უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილი. ისინი ასრულებენ იმ როლს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ეს ხალხი იქ იბრძვის მსოფლიოსთვის, ეს ხალხი იქ იბრძვის საქართველოსთვის.“

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა და მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. მას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში დაკრძალავენ.

2005 წლიდან იყო ქართულ ჯარში ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მკვიდრი უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, რომელიც დაჯილდოვებულია მესამე ხარისხის მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის.“.მას მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი დარჩა.

ხუთი წელი მსახურობდა ჯარში - კაპრალი ვლადიმერ შანავა. იგი წალენჯიხის რაიონიდან იყო. მას უკვე ჰქონდა მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

2009 წლის ბოლოდან მოყოლებული საქართველომ ISAF-ის მისიაში უკვე 22 ჯარისკაცი დაკარგა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ამჟამად, ავღანეთში 1600-მდე ქართველი მეომარი იბრძვის.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31-ე ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32-ე ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32-ე ბატალიონი)
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ე ბატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33-ე ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33-ე ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31-ე ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31-ე ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31-ე ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31-ე ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32-ე ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12-ე ბატალიონი)
13/05/2013 უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ვლადიმერ შანავა (42-ე ბატალიონი)

XS
SM
MD
LG