ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელმანდის პროვინციაში საგანგებო ზომები მიიღეს


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი სამხედროები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რომელიც ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე იმყოფებოდა, ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთში გაემგზავრა. ავღანეთიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, "ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე საგანგებო ზომებია მიღებული. ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში. ყველა ქართველი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება". აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავღანეთში გუშინ 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 9 დაიჭრა. ოფიციალური ვერსიით, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანით თავი აიფეთქა.

საქართველომ 7 რჩეული ვაჟკაცი დაკარგა: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი, კაპრალი ადამოვი გიორგი, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი, რიგითი ცუგოშვილი ბორისი, პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი და პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი.

"უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს... სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ მთელ საქართველოს, ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

მომხდარის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. ერთ-ერთი პირველები, ვინც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, იყვნენ ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი, ჯეიმს აპატურაი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი. "ამ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, რადგან ისინი ძლიერები არიან; იბრძვიან თავდაუზოგადავად და უშიშრად, ყველა ქართველისათვის დამახასიათებელი სიმამაცითა და გმირობით... იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად" - აღნიშნავს სამძიმრის წერილში რიჩარდ ნორლანდი.
XS
SM
MD
LG