ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში დაკარგული ქართველი ჯარისკაცი ათ დღიანი ძებნის შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვნეს. იგი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სერჟანტი გიორგი კიკაძე აღმოჩნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტმა კიკაძემ მუსა კაქას რაიონში მდებარე, სამხედრო ბაზა „ლაზიკა“ 19 დეკემბერს, ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში მარტომ დატოვა და ბაზის მიღმა აღმოჩნდა. ათი დღის შემდეგ კი მისი ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
პირველ ქვეით ბრიგადას კოსოვოსა და ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება აქვს, თუმცა მე-12 ბატალიონი ავღანეთში, წელს, ოქტომბერში პირველად იქნა გადასროლილი. თავად გიორგი კიკაძე ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მეორედ მონაწილეობდა.
დაღუპული ჯარისკაცის ბიძა დავით ხაჩიძე ამბობს, რომ ოჯახში არ იციან რატომ დატოვა სერჟანტმა კიკაძემ სამხედრო ბაზა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა:
„19 რიცხვი იყო, რომ თავდაცვის სამინისტროდან მოვიდნენ და მოგვიტანეს ეგეთი ამბავი. ყველას ცოცხალი გვეგონა. იმედს იძლეოდნენ, არ იყო ინფორმაცია დაზუსტებული. გუშინ გავიგეთ ეს ამბავი.
ორი-სამი დღით ადრე ინტერნეტით ესაუბრა ოჯახს, არაფერი პრობლემა არ ჰქონია, ინტერნეტით ყველას გვესაუბრებოდა, რას ვიფიქრებდით თუ ასეთი რამ მოხდებოდა. ზუსტი ინფორმაცია არ ვიცით. ამდენი ხანი ეძებდნენ და იმედი იყო, ცოცხალი არისო.“
დაღუპული სერჟანტის ბიძა ამბობს, რომ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ოჯახს პირადად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეატყობინა, რომელსაც ბოლო მომენტამდე იმედი ჰქონდა რომ ქართველ ჯარისკაცს ცოცხალს იპოვიდნენ:
„მინისტრმა რაც იცოდა იმ ინფორმაციას გვაწვდიდა. გვამშვიდებდა. რომ სცოდნოდა ხომ არ დამალავდა?! გვითხრა კიდეც პირველ დღეს, რომ ვიცოდე უფლება არ მაქვს დაგიმალოთ ინფორმაციაო. სანამ არ იპოვეს ადამიანი რა იცოდნენ რა ხდებოდა?! ალასანიამ პირველივე დღეს დაგვირეკა, ტელეფონით გვესაუბრა.“
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი არასაბრძოლო ვითარებაში დაიღუპა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და არც ISAF-ის მისიის სარდლობა არ ახმაურებს თუ რატომ დატოვა ქართველმა ჯარისკაცმა სამხედრო ბაზა?
რა ვითარებაში აღმოჩნდა იგი თალიბი მებრძოლების ხელში? რას ითხოვდნენ თალიბები სერჟანტ კიკაძის განთავისუფლების სანაცვლოდ და საერთოდ მიდიოდა თუ არა ამ სახის მოლაპარაკება? თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირადად მოუხადა ბოდიში დაღუპული ჯარისკაცის დედას:
„მე მინდა პირადად დიდი ბოდიში მოვუხადო ქალბატონ ნინოს, გიორგის დედას. რომ ამ დღეების განმავლობაში, ალბათ, ჩემდა სამწუხაროდ ზომაზე მეტად ავუმაღლე მოლოდინი რომ შვილი ოჯახში მშვიდობით დაუბრუნდებოდა.
ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს ყველას თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საერთაშორისო მისიაში მონაწილეებს. რამხელა სიფრთხილე წინდახედულება და საბრძოლო გამოცდილება გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები.
ამ ფაქტს ჯერ კიდევ სჭირდება გამოძიების ბოლომდე მიყვანა და როდესაც დასრულდება გამოძიება საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას.“
2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ჩაება, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მე-19 ჯარისკაცი დაკარგა.
წლევანდელი ახალი წელი ქართული სამშვიდობო მისიისთვის ავღანეთში, ისეთივე ტრაგიკული გამოდგა, როგორც შარშანდელი. 2011 წლის 30 დეკემბერს, პატრულირებისას, ნაღმზე აფეთქდა და ადგილზე დაიღუპა კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი. დაჭრილი კაპრალი შალვა ფაილოძე კი 7 იანვარს გარდაიცვალა
დღეისათვის ავღანეთში 1560 ქართველი ჯარისკაცი იბრძვის ჯარისკაცი. სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედარი ავღანეთიდან სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს, მას მშობლიურ რუსთავში დაკრძალავენ.
ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:
05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე