თეა თოფურია
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქართველი ემიგრანტების ხმა იკარგება, ორია, საარჩევნო უბნების სიმცირე და არალეგალები, რომლებსაც საკონსულოში აღრიცხვაზე დადგომის ეშინიათ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ხმები არჩევნებს დაუბრუნდეს?
საქართველოს რამდენი მოქალაქეა ემიგრაციაში - ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, სხვადასხვა დათვლით, დაახლოებით მილიონი. მხოლოდ 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 87 222 ადამიანი წავიდა. კანონით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იხსნება მაშინ, თუ ამ უბანზე 50 ამომრჩეველი მაინც მოგროვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 38 ქვეყანაში სულ 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 66 217 ადამიანი. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ მეხუთედმა - 12 247-მა მიიღო.
„იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ პატივი სცეს ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ბიუჯეტის ნახევარს, 5 მილიარდ დოლარს, აგზავნის წელიწადში, ათასგვარ ბარიერს უქმნის, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ“, - ამბობს ანა დოლიძე, პოლიტიკური პარტიის „ხალხისთვის“ წარმომადგენელი. ის 28 ივნისს ცესკოს წინ ამერიკის რუკით მივიდა და აჩვენა, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს დაშორება აშშ-ის ერთი ქალაქიდან მეორემდე, ანუ პოტენციური ამომრჩევლიდან საარჩევნო ყუთამდე. „თან არჩევნები ტარდება მხოლოდ ერთ დღეს. ამ ხალხს არა აქვთ დასვენების დღეები, როგორმე უნდა გამოძვრნენ, რომ არჩევნებზე მივიდნენ. სახელმწიფოს უნდა შეექმნა მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც სადღაც ონტარიოში მუშაობს, სახლიდან გაუსვლელად მიეცა ხმა. ეს შეიძლება ყოფილიყო ფოსტით, შუამავლის მეშვეობით ან ელექტრონულად. ამაზე პასუხობენ, უსაფრთხოება არ არის დაცულიო, და ეს მაშინ, როცა თანამედროვე პირობებში, მარსზე ტურები იმართება. იმიტომ აკეთებენ ამას, რომ მილიონის ნაცვლად 20 ათასმა კაცმა მისცეს ხმა“.
ანა დოლიძე ამბობს, რომ უმრავლესობა, ვინც უკეთესი ცხოვრების საძიებლად უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა, დიდი ალბათობით, მთავრობით უკმაყოფილოა, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მათი არჩევნებში მონაწილეობა ხელს არ აძლევს.
ამ არგუმენტს ამყარებს 2020 წლის არჩევნების შედეგები, მაშინ ემიგრანტებმა თავისი ხმა ოპოზიციას მისცეს.
საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ემიგრანტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს საარჩევნო უბანების დამატებას სთხოვენ.
„2020 წლის არჩევნებზე იტალიის ქალაქ ბარიში ემიგრანტებმა 1500 ხელმოწერა შეაგროვეს და მაშინ უბანი დაემატა. ეს პრეცედენტი არსებობს. ამჯერად 90-ზე მეტ ქალაქში გროვდება ხელმოწერები, მაგრამ დაამატებენ თუ არა უბნებს, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს“, - ამბობს აქტივისტი რუსუდან ჯაყელი.
უფრო სწორად, მოქალაქეების თხოვნაზე - გახსნან საარჩევნო უბანი, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა.
სად გაიხსნება უბნები და სად არა, ამ ეტაპზე ჯერ ცესკოშიც არ იციან.
ცესკოს ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი ზურაბ ჯაფარიძესთან (გირჩი) ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს გადასცემს ინფორმაციას, რამდენი მოქალაქე რომელ საკონსულოში დგას აღრიცხვაზე. ამის შემდეგ ცესკოს აქვს ერთი თვე იმისათვის, რომ ამ საკონსულოებში საარჩევნო უბნები გახსნას.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებისას ექმნებათ, ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება. ხმის მისაცემად საჭიროა, ამომრჩეველი საკონსულოს აღრიცხვაზე დადგეს. ემიგრანტები შიშობენ, რომ ამის შემდეგ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.
„ემიგრანტებთან გვაქვს ურთიერთობა. იმდენად არ ენდობიან ხელისუფლებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ეშინიათ, მაშინ როცა, ეს მათი დაცვის ერთადერთი გზა შეიძლებოდა ყოფილიყო. როდესაც არალეგალურად იმყოფები უცხოეთში, შენმა ქვეყანამ მაინც იცოდეს, სად ხარ, რომ რაღაც რომ იყოს, შენმა ქვეყანამ მაინც მოგძებნოს. კანონით დაუშვებელია, შენი მონაცემები საკონსულომ სხვა ქვეყანას გადასცეს, თუ უშუალოდ ამ ქვეყნის საგამოძიებო სამსახურმა არ მოსთხოვა“, - ამბობს ქეთი ბარბაქაძე.
ანა დოლიძეც თვლის, რომ ცესკომ სულ მცირე უნდა დაამშვიდოს არალეგალი ემიგრანტები, დაარწმუნოს ისინი, რომ საკონსულოში აღრიცხვის შემდეგ, მათ ქვეყნის დატოვება არ მოუწევთ.
ნაკლებად ცნობილია არჩევნებში მონაწილეობის კიდევ ერთი საშუალება. შესაძლოა, ემიგრანტი საკონსულო აღრიცხვაზე სულაც არ დადგეს და რეგისტრაცია პირდაპირ იმ საარჩევნო უბანზე გაიაროს, რომელზეც ხმის მიცემას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ცესკოს ვებგვერდზეც ქვეყნდება.
სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო არჩევნების დღემდე მინიმუმ ერთი თვით ადრე ქმნის. გახსნიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ემიგრანტს შეუძლია რეგისტრაცია საარჩევნო უბანზე გაიაროს. მას თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
Facebook Forum